ჭიდაობა

17:32 | 14.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის ქვიშაზე მსოფლიო აჭიდავდება

მომავალ უქმეებზე ბათუმის სანაპიროზე მდებარე ქვიშის სპორტული მოედანი ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირში, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება, მონაწილეობას 11 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მიიღებს.
მსოფლიოს ჩემპიონატში, მასპინძელთა ნაკრების გარდა, ჩაერთვებიან: აზერბაიჯანი, აშშ, ნორვეგია, ესტონეთი, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, თურქეთი, ყაზახეთი და ინდოეთი.
ტურნირი ორ ასაკობრივ ჯგუფში: უფროსებსა და ახალგაზრდებში გაიმართება. ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. უფროსებში - 70, 80, 90 და +90 კილოგრამებში, ხოლო ახალგაზრდებში - 60, 70, 80 და +80 კილოგრამებში. რაც შეეხება მონაწილეთა ქვოტას, თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს, უფროსებში თითო წონაში 3 მონაწილე გაიყვანოს ქვიშაში, ხოლო ახალგაზრდებში – 2.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, მალხაზ ჯორბენაძის მიერ “მსოფლიო სპორტისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, ორივე საჭიდაო დღეს წინასწარი შეხვედრები 17 საათიდან დაიწყება, ფინალური ორთაბრძოლები კი 19 საათიდან გაიმართება.
ბათუმურ მსოფლიოს პირველობას ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტიც დაესწრება, ქვიშის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ - სტეფან კაზარიანთან და ქართული სპორტის ხელმძღვანელობასთან ერთად.
წინასწარი ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატი 15 ივლისს უნდა დაწყებულიყო და პირველი დღე ჭაბუკებს უნდა დათმობოდათ, მაგრამ ეს ასაკობრივი ჯგუფი რატომღაც შეჯიბრებიდან ამოიღეს და ტურნირიც ორ დღემდე შემცირდა.
მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გოგონათა ორ ასაკობრივ ჯგუფშიც გამოვლინდება და მონაწილეები მასპინძლებსაც ეყოლებათ. თუმცა, ქვემოთ მხოლოდ ვაჟთა ქართულ შემადგენლობებს გთავაზობთ.


საქართველოს ეროვნული ნაკრები

70 კგ

გიორგი ლობჟანიძე (თბილისი)
მამუკა ხოზრევანიძე (აჭარა)
მიხეილ ზარქუა (თბილისი)

80 კგ
გელა საღირაშვილი (თბილისი)
მარად ზოიძე (აჭარა)
რამინ ქებაძე (აჭარა)

90 კგ
ბექა ჭელიძე (აჭარა)
არჩილ ქიტიაშვილი (თბილისი)
გიორგი მარსაგიშვილი (თბილისი)

+90 კგ
ლევან ბერიანიძე (თბილისი)
გიორგი საკანდელიძე (თბილსიი)
გიორგი ნიკურაძე (თბილისი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

60 კგ
რამაზ სურმანიძე (აჭარა)
სოსო ივანიშვილი (თბილისი)

70 კგ
ირაკლი მოსიძე (აჭარა)
ზვიად ნეკეიძე (აჭარა)

80 კგ
ჯონი კადიძე (აჭარა)
რეზო ივანიშვილი (თბილისი)

+80 კგ
გიორგი გოგრიჭიანი (თბილსიი)
გიორგი ასლანიშვილი (თბილისი)

მწვრთნელები: ჯემალ კილაძე, დავით ოთიაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102923