ბათუმის "დინამო" პირველი ქართული კლუბია, რომელსაც გუნდი ეყოლება პლაჟის ფეხბურთში. კლუბის პრეზენტაცია გაიმართა, შეხვედრას "დინამოს" ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები, სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, აჭარის ფეხბურთისა და ფუტსალის მესვეურები ესწრებოდნენ.
ოთარ ფედიჩკინი (ბათუმის "დინამოს" დირექტორი): "ეს ისტორიული მოვლენაა. ბათუმის "დინამოს" ეყოლება გუნდი, რომელიც პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზეც გამოვა. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ბათუმის "დინამოს" საფეხბურთო სკლუბში ვერ მოხვდნენ, ექნებათ შანსი, აქ მიაღწიონ წარმატებას. ჩვენ ფუტსალის გუნდის შექმნასაც ვაპირებთ. მასობრიობა გვსურს გავზარდოთ".
კლუბმა პირველი სიმბოლური ვარჯიშიც გამართა. გუნდს ნიკოლოზ თოდაძე წვრთნის. საპლაჟო ფეხბურთის განვითარება აჭარაში 2010 წლიდან დაიწყო. ბათუმის "დინამოს" წარმატებებიც ჰქონდა და ეს გუნდი მთლიანად ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.