ცნობილი ბრაზილიური კლუბის", "კურიტიბას" ხელმძღვანელობა ბათუმში ჩამოვიდა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან და ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელებთან გასაუბრების შემდეგ, ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ამავე დროს აჭარის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ავთანდილ ბერიძემ და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ბრაზილიელებთან დიდხანს ისაუბრეს.
ამ პროექტის ინიციატორი გოჩა ალადაშვილი გახლავთ, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ბრაზილიაში მენეჯერად და სწორედ მისი წამოწყებული იყო თავის დროზე რუსთავის "მეტალურგისა" და ბრაზილიურ კლუბებს შორის თანამშრომლობა – გეხსომებათ ბრაზილიელი ფეხბურთელების ჩამოყვანა რუსთავში. ანდერსონ აკინო მშვენივრად წაადგა კლუბს და საქართველოს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. შემდეგ კი, თანამშრომლობა შეწყდა.
"ფეხბურთელების განათხოვრება, საფეხბურთო სკოლების გახსნა ბათუმში. ასევე, პერსპექტიული ბათუმელი ფეხბურთელების წაყვანა სტაჟირებაზე. მწვრთნელების გაცნობა, გეგმიური მუშაობის შეჯერება" – თქვეს ბრაზილიელმა სტუმრებმა.
ოთარ ფედიჩკინი (ბათუმის "დინამოს" დირექტორი): "ძალიან კარგია, რომ ასეთ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. ბათუმის "დინამოს" მოწვევით, "კურიტიბას" ხელმძღვანელობა ჩამოვიდა. ჩამოვიყვანთ ამ კლუბის ფეხბურთელებს და ასევე იგეგმება თანამშრომლობა მენეჯმენტში".
შეხვედრის შემდეგ, გაიცვალა სამახსოვრო საჩუქრებიც. ზოგადად, ბოლო ერთ წელიწადში ბათუმში გამოცოცხლდა საფეხბურთო ცხოვრება – იგულისხმება მასობრიობა. 130 ბავშვი ვარჯიშობდა ქალაქში, ახლა კი მათი რიცხვი 500-მდეა გაზრდილი, თანაც, გადასახადების გარეშე. ქალაქის სხვადასხვა უბნებში A, B და C კატეგორიის მწვრთნელები ატარებენ ვარჯიშებს.
"კურიტიბა" ბრაზილიის სერია A-ს კლუბია, ტრადიციები არ დაეწუნება და ქვეყნის ჩემპიონიც გამხდარა.