იყო დრო, ბათუმური კლუბები “დათვები” და “დათვები 2” შიდა ჩემპიონატს ფლაგმანობდნენ და პირველ-მეორე ადგილს არავის უთმობდნენ. ფინანსურად წელგამართული კლუბი მომდევნო წლებში ანგარიშგასაწევი ძალა იყო, მაგრამ მერე პრობლემებმა იჩინა თავი.
ბოლო პერიოდში ბათუმელები კვლავ ცდილობდნენ ძველი დიდების დაბრუნებას და თურქულ შეკრებაზე რუსულ კლუბებთან ვარჯიშობდნენ, მაგრამ ადგილობრივი რესურსით არაფერი გამოდიოდა და შარშან, სეზონთაშორის შესვენებისას უცხოელები მოიშველია. ვერც ლეგიონერებმა გაამართლეს - მხოლოდ 3 მოგება, 15 მარცხი და დამატებითი მაჩვენებლით დაკავებული მე-9-ე ადგილი დადებით შედეგად ვერ ჩაითვლება. ბოლოსწინა ადგილზე გასულმა გუნდმა გადათამაშებაში სრულად დაჯაბნა ქუთაისის მეორე გუნდი “ბაგრატი” და უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ სიტუაცის რადიკალურად შეცვლა განიზრახა.
გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ და მისი ადგილი ირაკლი ნინიძემ უნდა დაიკავოს, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს. საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ თავად სპეციალისტს საფრანგეთში აქვს გარკვეული საქმეები მოსაგვარებელი და გუნდსაც პირველ ეტაპზე მისი თანაშემწე გიორგი ჩუბინიძე ამზადებს. “მსოფლიო სპორტი” “ბათუმს” ბორჯომში ვარჯიშისას ეწვია.
გიორგი ჩუბინიძე (“ბათუმის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): გასულ სეზონში მე აქ არ ვიყავი, მაგრამ კლუბში რაც ხდებოდა კარგად ვიცი და რა თქმა უნდა, სეზონით კმაყოფილი არავინ დარჩა. იყო დრო, როდესაც ბათუმური გუნდები პირველ-მეორე ადგილს არ თმობდნენ, მაგრამ მერე ჩავარდნები დაიწყო და ჩემის აზრით, ამისი უმთავრესი მიზეზი არაპროფესიონალიზმი იყო. შედეგად, 2010 წელს უმაღლესი ლიგიდან გავარდით და მართალია უძლიერესებში მომდევნო წელსვე დავბრუნდით, მაგრამ შედეგები ისეთი არ გვაქვს, როგორსაც ველით.
- რეგიონში რაგბის განვითარების მხრივ როგორი მდგომარეობაა? მოდის თაობა, გეხმარებიან ბათუმისა და რეგიონის ხელმძღვანელობა?
- ამ მომენტისთვის პირველ გუნდში 35 მორაგბე ვარჯიშობს და მათი ნახევარი ადგილობრივი, მეორე ნახევარი კი, ჩამოსული მოთამაშეა. თუმცა, ძირითად 15 კაცში ბათუმელი მხოლოდ 3-4 სპორტსმენი ხვდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში ბათუმში რაგბის სკოლა არ არსებობდა. რეგიონში რაგბი პოპულარული და ქვეყნის მასშტაბით ცნობადი 1997-98 წლიდან გახდა, როდესაც საქართველოს ჩემპიონატში “დათვები” დაწინაურდა და ამ პერიოდში უნდა გაზრდილიყო იმ რაოდენობის მაღალი დონის სპორტსმენი, რომ გუნდის ბირთვი - 10-12 კაცი სწორედ ადგილობრივი ყოფილიყო.
- ახლა რა კეთდება სიტუაციის შესაცვლელად?
- მიდის მუშაობა და უკვე გვყავს ჭაბუკთა “ა” და “ბ” ლიგის გუნდები, “ესპუარებიც” 99 პროცენტით ადგილობრივი კადრებითაა დაკომპლექტებული და იმედი გვაქვს, რომ გაისად მათგან ღირსეულ შევსებას მივიღებთ და პირველ გუნდსაც დიდწილად სწორედ ბათუმელებით დავაკომპლექტებთ.
- გასული სეზონის მეორე ნახევარში “ბათუმში” უცხოელი ლეგიონერებიც გამოჩნდნენ და მომავალ სეზონში ამ კუთხით როგორ იქნება საქმე?
- უცხოელებიდან აღარავინ დარჩა, თუმცა, ადგილობრივი მოთამაშეებიდან რამდენიმე მორაგბე წელსაც ჩვენთან ითამაშებს.
- როდიდან დაიწყო “ბათუმმა” მომავალი სეზონისთვის მზადება და დღემდე რა ეტაპები გაიარა?
- მზადება 20 ივნისს დავიწყეთ, მაგრამ შეკრებაზე წასვლა დაგვიგვიანდა და ბაკურიანისკენ გეზი 13 ივლისს ავიღეთ. იქ 26-მდე დავრჩით, რის შემდეგაც ბათუმში დავბრუნდით და პირველლიგელ წყალტუბოს გუნდთან ამხანაგური თამაშიც გავმართეთ. ჩვენთვის იმ ეტაპზე პირველი ლიგის გუნდთან თამაში სრულიად მისაღები იყო.
- როგორც წესი, კლუბების უმრავლესობა შეკრებებს ბათუმში გეგმავს. თქვენ იქ მათთან ამხანაგური თამაშების გამართვის საშუალებაც გექნებოდათ და რატომ გადაწყვიტეთ ბაკურიანში გამგზავრება?
- ბიჭები ოჯახურ სიტუაციას გავარიდეთ, რათა მხოლოდ ვარჯიშზე ეფიქრათ. ბათუმში რომ დავრჩენილიყავით, თუნდაც შეკრების პირობებში, ეს ვერ მოხერხდებოდა. ბათუმში ახლა ცხელა, ჩვენ კი სუფთა ჰაერზე, სიგრილეში მოვემზადეთ. ძირითადი აქცენტი ფიზმომზადებაზე და გუნდის შეკვრაზე გვქონდა გადატანილი. გუნდში ახალი მოთამაშეები მრავლად არიან და მათი ერთად ყოფნა ამ მხრივაც აუცილებელი იყო. ტაქტიკაზე და ტექნიკაზე უკვე ბათუმში ვიმუშავებთ.
- შარშან გავარდნას გადარჩით და წელს რა მიზნებს ისახავთ?
- მინიმუმ გასავარდნ პლეი ოფში არ უნდა მოვხვდეთ, სხვა მხრივ, ისევე, როგორც ყველა ჯარისკაცი, გენერლობაზე ჩვენც ვოცნებობთ. “არმიადან” რამდენიმე კარგი მოთამაშე დავიმატეთ, “აიადან” და “ლოკომოტივიდანაც” მივიღეთ მატება და შეკვრის შემდეგ კარგი შედეგის ჩვენება შეგვიძლია, თუმცა, სიტუაციას რეალურად ვაფასებთ და ამ წუთას რაღაც განსაკუთრებულ ამოცანას არ ვისახავთ.
გუნდიდან ლეგიონერები კი წავიდნენ, მაგრამ ნამატი სერიოზულია. ვინც შიდა ჩემპიონატის თამაშებს ადევნებს თვალს, მათთვის გიორგი ჯიმშელაძე (არმია), ბახვა კობახიძე (არმია), გიგა გაგოშვილი (არმია), ლაშა აზალაძე (არმია), გიორგი თხილაიშვილი (არმია), ნუგზარ გიორგაძე (“ჯიქები”) ნაცნობი სახეებია და მომავალი სეზონიდან ისინი “ბათუმში” ითამაშებენ. მიუხედავად ამისა, მწვრთნელთა მსგავსად განსაკუთრებულ მოლოდინზე არ საუბრობს გუნდის კაპიტანი დავით გუგუშვილი:
- მზადება ბათუმში იმ ადგილობრივმა მოთამაშეებმა დავიწყეთ, რომლებიც გუნდში დავრჩით. წინა სეზენის შემდეგ რამდენიმე მოთამაშემ დაგვტოვა, მაგრამ ახლებიც დავიმატეთ და ჩემის აზრით, გუნდი ახალ ჩემპიონატს გაძლიერებული ხვდება. ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე გვყავს ახალი მოთამაშეები, თუმცა რაღაცეები დასახვეწია. მოსამზადებელი ეტაპი გეგმის მიხედვით მიდის. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ორკვირიანი შეკრება წაგვადგა და ბიჭებიც შევიკარით. ეს პერიოდი ბაკურიანში ვცხოვრობდით და ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე ვვარჯიშობდით. ჰაერი საუცხოო იყო და ინფრასტრუქტურის მხრივაც საწუწუნო არაფერი გვქონდა. მადლობა აჭარისა და ბათუმის მთავრობას, რომელიც ყოველმხრივ გვერდში გვიდგას და ჩვენის მხრივ მაქსიმუმს გავიღებთ გულშემატკივრების გასახარებლად.
- შარშან გულშემატკივრების გახარება ვერ მოახერხეთ...
- 2010 წელს თუ არ ჩავთვლით, როდესაც უმაღლესი ლიგიდან გავარდით, შარშან ყველაზე წარუმატებელი სეზონი გვქონდა. ჩემის აზრით, იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც 4 წლის წინ გვქონდა, გავარდნას ვიმსახურებდით, შარშანდელ მე-9-ე ადგილს კი არავინ ელოდა. ახლა მონდომება დიდია. დავიმატეთ გამოცდილი მორაგბეები სხვადასხვა ქართული კლუბებიდან, ასევე, ახალგაზრდები “ა” ლიგიდან და “ესპუარებიდან”. ფაქტობრივად ყველა რგოლი გავაძლიერეთ და ვფიქრობ, წელს მეტოქეებს ერთგვარ სიურპრიზს შევთავაზებთ.
- შარშან აქცენტი ადგილობრივ მოთამაშეებზე კეთდებოდა და ამ კუთხით როგორაა საქმე?
- მწვრთნელები ცდილობენ, რომ მათ შანსი მისცენ, მაგრამ დასამტკიცებელი ბევრი აქვთ. წელს მრავლად მოგვიწია სხვადასხვა კლუბებიდან მოთამაშეების დამატება, რათა პრობლემები არ შეგვქმნოდა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა პოზიციაზე ორი მორაგბე გვყავს და ეს კონკურენციას ზრდის, რაც აუცილებელია.
- ადგილობრივები როდიდან შეძლებენ ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებას?
- შარშანდელთან შედარებით სიტუაცია გამოსწორდა. ზვიად დუნგიაძე და მინდია ღლონტი ჩართულები არიან რეგიონებში ბავშვებთან მუშაობაში. ხელვაჩაურის რაიონში სკოლებში არიან შესული და დაახლოებით 300 ბავშვთან მუშაობენ. საფესტივალო გუნდები ჩაქვში და ქობულეთშიც გაკეთდა და 150 ბავშვიდან 5-8 რომ მაღალი დონის მორაგბედ გაიზარდოს, კლუბისთვის უკვე დიდი შევსება იქნება. მუშა პროცესი მიდის და ჩვენც მაქსიმალურად შევეცდებით მათ დავეხმაროთ, რათა გუნდის ბირთვი სამომავლოდ ადგილობრივებით დაკომპლექტდეს.
- მორაგბეები რა მიზნებს ისახავთ მომავალ სეზონში?
- არ გვინდა ხმამაღალი განცხადებები გამოგვივიდეს და მინიმუმ, შარშანდელზე უკეთესი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. წელსაც ბოლო ორი ადგილის დაკავება კრახის ტოლფასი იქნება.
- ინფრასტრუქტურულად რა მდგომარეობაა ბათუმში და რეგიონში?
- ბათუმში “ქართუ ჯგუფის” პროექტით სტადიონის მშენებლობა უკვე დაწყებულია და ის 2015 წლის ბოლოსთვის ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს. ანგისის სტადიონი ფეხბურთელებს გადაეცა და იქაც რეკონსტრუქცია მიდის. ბათუმის “დინამო” იქ სპორტულ ბაზას აკეთებს და წინასწარი შეთანხმებით, მომავალში მას ფეხბურთელები და მორაგბეები საზიაროდ გამოვიყენებთ. სამაგიეროდ, ჩემი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ იჯარით გადმოგვცა გონიოს სტადიონი და სანამ “ქართუს” მიერ აშენებული ჩვენი სტადიონი გვექნება, იქ ვითამაშებთ. განიხილება სხვა ვარიანტებიც, სადაც შეიძლება საშინაო თამაშები ჩავატაროთ - ადელის სტადიონი ბათუმში, ქობულეთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი, გვინდა რეგიონებშიც გავიდეთ, უფრო მაღალმთიან რეგიონებში და მოსახლეობაში რაგბის პოპულარიზაცია მოვახდინოთ.
ზემოთ ის მორაგბეები ვახსენეთ, რომლებიც “ბათუმმა” ადგილობრივი კლუბებიდან დაიმატა, მაგრამ ბოლო წლების ტრადიცია კვლავაც გრძელდება და ზღვისპირეთში საფრანგეთის ფედერალ დივიზიონიდან დაბრუნდა პირველხაზელი შოთა ცხოვრებაშვილი:
- მე “ლელოს” აღზრდილი ვარ და ჩემი პირველი უცხოური გუნდი პოლონური კლუბი იყო, საიდანაც ერთი თვით “ლელოს” დავუბრუნდი და მერე წავედი შოტლანდიაში. “დანდიში” ვთამაშობდი, რომელიც შოტლანდიის შიდა ჩემპიონატის პირველი დივიზიონში გამოდიოდა, ანუ იმ დონეზე, როგორიც საფრანგეთში Pრო D2-ა. ერთი სეზონი იქ გავატარე, მაგრამ ვიზის გაგრძელებასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა, რის შემდეგაც დავბრუნდი საქართველოში და ერთი წლის შემდეგ საფრანგეთში წავედი, სადაც ოთხი სეზონი გავატარე. ფედერალ 2-ის “ბონში” 2 სეზონი გადავედი, მერე გადავედი ფერედალ 1-ის “სენ ნაზერში”, სადაც ყველაზე მაგარი სეზონი ჩავატარე, პლეი ოფებში გავედით და დიდი შანსი იყო Pრო D2-ის ასასვლელ ფინალში გვეთამაშა, მაგრამ შიდა სამზარეულო აირია და საბუთებში პრობლემების გამო საფრანგეთის ფედერაციამ გათამაშებიდან მოგვხსნა. შარშან “ნიცაში” ვითამაშე, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო ფედერალ 3-ში დააქვეითეს და დივიზიონის გამარჯვებულები გავხდით. ახლა დაბრუნება გადავწყვიტე და მომავალ სეზონს “ბათუმში” გავატარებ. საფრანგეთიდან წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ 2 წელია დავოჯახდი და მთელი ეს პერიოდი მეუღლის საფრანგეთში წაყვანას ვცდილობდი, მაგრამ ვერ მოხერხდა და ვამჯობინე შინ დავბრუნებულიყავი.
- რატომ გადაწყვიტეთ “ბათუმში” თამაში და არა მშობლიურ “ლელოში” დაბრუნება?
- ჯერ კიდევ საფრანგეთში ყოფნისას ირაკლი ნინიძეს ვესაუბრე, რომელიც წესით ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი უნდა გახდეს, მაგრამ ჯერ არ ჩამოსულა. იქვე გადაწყდა, რომ მომავალ სეზონში “ბათუმში” ვითამაშებდი. ჩემი მშობლიური და უსაყვარლესი კლუბი იყო, არის და იქნება “ლელო”, მაგრამ ამ ეტაპზე “ბათუმში” ვთამაშობ და რაც ვიცი და რაც შემიძლია, მისი წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებ.
- რამდენად დიდია სხვაობა საფრანგეთის ფედერალ დივიზიონის გუნდებსა და აქაურ კლუბებს შორის და როგორ ემზადებით მომავალი სეზონისთვის?
- მზადების პროცესში დიდ სხვაობას ვერ ვატყობ. კარგი ფიზმომზადება გავიარეთ, ახლა მთავარია შევიკრათ და შედეგიც გვექნება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც მობილიზებული ვართ და ყველას გვაქვს მიზანი, როგორც პირადული, ასევე გუნდური. რეალურად ვაფასებთ სიტუაციას და მაქსიმუმად ოთხეულში მოხვედრას ვისახავთ, ხოლო მინიმუმ ექვსეულისთვის ვიბრძოლებთ. დიდი ხანია საქართველოს ჩემპიონატში არ მითამაშია და მსურს, აქ საუკეთესო სეზონი ჩავატარო.