ფეხბურთი

22:40 | 13.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელთა ტექნიკა – რუმინელთა ძალა 1:1

ბათუმის "დინამომ" მეორე საკონტროლო შეხვედრაში 1:1 ითამაშა რუმინეთის "გლორიასთან", რომელიც თავისი ქვეყნის ჩემპიონატში ასევე ბოლოსწინა ადგილზეა. გია გურულმა პირველ ტაიმში არაოპტიმალური შემადგენლობა ათამაშა, მეორეში კი ძირითადები შეიყვანა.

პიცანი (ტაკიძე 79), თოდაძე (ფარტენაძე 46), ბაჯელიძე (ტყეშელაშვილი 46), ლობჟანიძე (ჟვანია 46), ქორიძე (გაბუნია 46), გოგიტიძე (ცანავა 46), მახარაძე (ბერიძე 46), ბლაგოევიჩი (მუჯირი 46), თევდორაძე (კოშკაძე 46), აბუსელიძე (ჩიმაკაძე 46), ბაციკაძე (კიკნაველიძე 46).

გოლები: 0:1 რადუ (29), 1:1 მუჯირი (73).

თამაში სასტუმრო "ატლანტისიდან" საკმაოდ შორს გაიმართა და მოლდოველები სჯიდნენ. გურულმა მატჩის დასაწყისშივე თქვა, პირველ ტაიმში 4-4-2 უნდა გამოვცადო, მეორეში კი 4-4-1-1-იო.

თავიდან თანაბარი თამაში იყო, თუმცა ბათუმელთა ახალგაზრდები ჯანით ჩამორჩებოდნენ რუმინელებს და ტაიმის ბოლოს ეს გამოჩნდა კიდეც. მომენტები საერთოდ არ იქმნებოდა და "გლორიამ" პირველივე სახიფათო შეტევა გამოიყენა. რადუმ კარგი პასი მიიღო, მეკარესთან მარტო დარჩა და პიცანს შანსი არ ჰქონდა.

მეორე ნახევარში უცებ შეიცვალა სურათი, საუკეთესო იყო 38 წლის ამირან მუჯირი და გამოჩნდა, რომ ცენტრი ბათუმელებმა დაიკავეს. თორნიკე ბერიძეს ჰქონდა გატანის შესაძლებლობა, თავით დაასწრო მეკარეს და ოდნავ ააცილა. მცველებიც ხელს უშლიდნენ.

ანგარიში კი ბათუმელთა ხანგრძლივი შეტევის შემდეგ გათანაბრდა: მუჯირმა დაიწყო კომბინაცია, კოშკაძემ გააგრძელა ჩიმაკაძისკენ დაფარული პასით, ჩიმაკაძემ სუსტად დაარტყა და მცველებმა ხაზიდან გამოიტანეს. ბურთი ისევ ჩიმაკაძეს მიუვიდა, მერე მუჯირს და "მუმუმ" ძლიერი დარტყმით ცხრიანში შეაგდო.

მატჩის მიწურულს ორივე გუნდს ჰქონდა მწვავე შეტევები. ორჯერ იხსნა ბათუმელები მეკარე პიცანმა.

ყაზახურ "აკჟაიკთან" და "გლორიასთანაც" ითამაშა 20 წლის სერბმა ლუკა ბლაგოევიჩმა. მარჯვენა გარემარბია, თუმცა ფლანგს ცვლიდა და მარცხნივაც გადმოდიოდა. ვერ ვიტყვით, რომ ადგილობრივებს რამით სჯობდა. შეუმჩნეველი იყო მოედანზე.

კვლავ გუნდთან ერთადაა გია გურულის ვაჟი სანდრო. ის ჯერ არაა ჩარიცხული კლუბში და ვარიანტებს ეძებს. სანდრო გურული თავისუფალი აგენტია.

ორმა ფეხბურთელმა ვერ ითამაშა; კარენ მაკარიანი ყაზახების უხეშობის გამო, მუხლს მკურნალობს. ფორვარდი მიხეილ ჯორბენაძე კი საზარდულს უჩივის.

გურული ორ კოტდივუარელსაც სინჯავდა, თუმცა ორ დღეში გაუშვა. ბლაგოევიჩის საკითხი კი ჯერ გაურკვეველია.

"თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. ფაქტობრივად, ეს მოსამზადებელი ეტაპია და მაინცდამაინც მოგება არაა მიზანი. სხვადასხვა სქემებსა და ტაქტიკურ ვარიანტებს ვარჩევთ" - თქვა გურულმა.

16 თებერვალს ბათუმელები ბრესტის "დინამოს" შეხვდებიან, 17-ში კი სამშობლოში დაბრუნდებიან.

0.107877