ჩოგბურთი

14:57 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა უზბეკეთში დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

 

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი უზბეკეთის ქალაქ კარშის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ჩაება და პირველი გამარჯვება იზეიმა.

ბასილაშვილი საწყის რაუნდში მე-7 ნომრად განთესილ იაპონელ შუიჩი სეკიგუჩის დაუპირისპირდა და დამაჯერებლად – 6:1, 6:4 მოიგო. თამაში საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა და ნიკოლოზს საკუთარი მოწოდება არცერთხელ დაუთმია, თავად კი 5-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

მერვედფინალში გასვლის წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 7 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მისი მომდევნო მეტოქე კი ტაივანელ ტაი ჩენს და კვალიფიკაციის გამარჯვებულ ფრანგ – ლორენ როჩეტსს შორის უმჯობესი იქნება.

ცნობისთვის, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილს 157 ქულით 294-ე ადგილი უკავია, მის შემდეგ კი, ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი ალექსანდრე მეტრეველს გააჩნია – 39 ქულა და 650-ე პოზიცია.

7 ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციაში. მათგან უმაღლესი მაჩვენებელი სოფო შაფათავას აქვს, რომელიც 3 ადგილით დაწინაურდა და 285 ქულით 203- საფეხურზეა.

203 (206). სოფო შაფათავა – 285 ქულა; 351 (352). ოქსანა კალაშნიკოვა – 117; 369 (373). ეკატერინე გორგოძე – 111; 440 (440). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 81; 616 (615). სოფო ქვაცაბაია – 43; 1154 (1160). მარიამ ბოლქვაძე – 6; 1248 (1249). თამარ ჭალაგანიძე – 3.

მიმდინარე კვირაში ქართველთაგან ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ოქსანა კალაშნიკოვა თამაშობს. გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში მიმდინარე NURNBERGER VERSICHERUNGSCUP 2014-ზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) კალაშნიკოვა და პოლონელი კატარჟინა პიტერი მე-4 ნომრად არიან განთესილნი და პირველ რაუნდში ბელარუს პოლინა პეხოვას და გერმანელ ნინა ზანდერს გაეჯიბრებიან.

იტალიის ქალაქ კასერტას 10-ათასიან ტურნირში ითამაშებენ ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. მე-6 განთესვის მქონე გორგოძე “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ სარა ეჩელს დაუპირისპირება, ხოლო ქვაცაბაია ძალებს დომინიკელ ფრანჩესკა სეგარელისთან მოსინჯავს.

წყვილებში ქართველ გოგონებს მე-2 რეიტინგი გააჩნიათYდა ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან. მათი მეტოქე იტალიურ ჯახში ირკვევა – ალესანდრელი და სირილო კიეზას და ხსენებული ეჩელის წინააღმდეგ.

შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში ეგვიპტელ ოლა აბუ ზაკრის ეთამაშება თამარ ჭალაგანიძე. წყვილთა შეჯიბრში ჭალაგანიძე და ინდოელი აშმიტა ეასვარამურტი უკრაინელ ჩოგბურთელებს (ივანიჩენკო-სტოტიკა) გაეჯიბრებიან.

დასასრულ, ისრაელის ქალაქ რამლეში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზეც ვთქვათ, რომელშიც მარიამ ბოლქვაძე ჩაებმება. მისი პირველი მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული შირ აზრანი (ისრაელი) იქნება. წყვილებში ბოლქვაძე და ბრიტანელი მანიშა ფოსტერი მასპინძელთა დუეტს (კიმჰი-ნიკოლაევა) ეთამაშებიან.

0.118266