18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2010 წელს პირველი საერთაშორისო ტურნირის მოგება მოახერხა. ტაივანელ ტი ჩენთან შეამხანაგებულმა ქართველმა პირველობა აშშ-ს ქალაქ მაკალენში დასრულებულ 15-ათასიან ტურნირზე იზეიმა.
ქართულ-ტაივანურ დუეტს ჩემპიონობისთვის ოთხი მატჩის მოგება დასჭირდა. ბასილაშვილმა და ჩენმა ამერიკელ ძმებ ბოლინგებს იოლად 6:1, 6:0 სძლიეს, მომდევნო სამ შეხვედრაში კი დიდი ბრძოლები გადახდათ.
მეოთხედფინალში ჩვენთვის საინტერესო წყვილმა მე-4 რეიტინგის მქონე ავსტრალიურ-ამერიკულ დუეტს (კელი-ნუნესი) 6:3, 2:6, 14:12 მოუგო, შემდეგ კი მე-2 ნომრად განთესილი ესპანელი ბრუგუეს-დავი და ამერიკელი მონროე 6:7 (5:7), 6:4, 10:6 დაამარცხა.
ბასილაშვილსა და ჩენს სამსეტიანი ტრილერი ელოდათ ფინალში, სადაც ავსტრალიელებს – ისტონსა და კლეინს 7:5, 4:6, 10:4 აჯობეს.
ტეხასური ტურნირის ერთეულთა გათამაშებაში ბასილაშვილი მომავალ ფინალისტ ხორვატ მარიო ანჩიჩთან 4:6, 3:6 დამარცხდა.







