ჩოგბურთი

16:18 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა საკეტს გასაღები მოარგო

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც უზბეკეთის ქალაქ კარშის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ასპარეზობს, მორიგი მატჩი მოიგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ინდოელ საკეტ მინემის დაუპირისპირდა და მიმდინარე შეჯიბრზე ყველაზე იოლი გამარჯვება იზეიმა – 6:1, 6:2.

თამაში მხოლოდ 50 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზმა ოთხივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება არ დაუთმია.

აღნიშნული წარმატების წყალობით, ბასილაშვილმა 29 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, შემდეგ წრეში კი რუს ასლან კარაცევს ეთამაშება, რომელიც კლასიფიკაციაში 246-ე ადგილზეა. თავად ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს 294-ე ჩოგანია.

კარშის ჩელენჯერის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ნიკოლოზი 48 ქულას მიიღებს, ტურნირის ჩემპიონი კი მარაგს 80 ქულით გაიმდიდრებს.

ისიც ვთქვათ, რომ მე-2 ნახევარფინალში მე-5 განთესვის მქონე ამერიკელი კრის ბუჩანანი და ინდოელი ჯეევან ნედუნჩეჟიანი იასპარეზებენ.

0.113974