ჩოგბურთი

20:17 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა გერმანიაში ორმაგი გამარჯვება იზეიმა

ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში დაახლოებით 80 ადგილით დაწინაურდება

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ კაარსტში გამართული საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) სრული ტრიუმფით დაასრულა. შაბათს, ბასილაშვილმა ბელარუს ალექსანდერ ბურისთან ერთად წყვილთა შეჯიბრში იმარჯვა და ამის შესახენ უკვე გაცნობეთ, კვირას კი, ნიკოლოზი ერთეულებშიც გაჩემპიონდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ერთეულებში განთესილთა შორისაც არ ყოფილა, თუმცა, 4 თამაში ისე მოიგო, სეტიც კი არ წაუგია. ნიკოლოზმა სტარტზე რუს კარენ ხაჩანოვს 6:1, 6:4 სძლია, შემდეგ პირველ ნომრად განთესილ ბელგიელ ნილს დიესენს 6:4, 6:3 აჯობა, მეოთხედფინალში ჩეხი მარეკ მიხალიჩკა დაჯაბნა – 7:6 (7:3), 6:3, ნახევარფინალში კი ბულგარელი დიმიტარ კუტროვსკი დაამარცხა – 7:6 (7:2), 6:3.

SEGRO INTERNATIONAL-ის ფინალში ნიკოლოზის მეტოქე მე-2 განთესვის მქონე სლოვაკი მილოსლავ მეჩირი გახლდათ, რომელმაც გზიდან ფრანგი კონსტანტ ლესტიენე, გერმანელი ლუკას დინსლაკენი, სერბი დეიან კატიჩი და მე-3 რეიტინგოსანი ბელარუსი ვლადიმირ იგნატიკი ჩამოიცილა. აღსანიშნავია, რომ გასულ შეხვედრებში მეჩირსაც არცერთი სეტი წაუგია.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ფინალი დაძაბული გამოდგა და მართალია, ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე პირველი სეტი დათმო, საბოლოოდ, გამარჯვება მას დარჩა – 2:6, 7:5, 6:3. ბასილაშვილს 5 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ჯამში კი, მეტოქეზე ერთით მეტი გათამაშება (94:93) მოიგო. საინტერესოა, ფინალისტებმა ერთმანეთს 6-6 მოწოდება აართვეს, თუმცა, ქართველს 9 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, სლოვაკს კი – 19. მოკლედ, საჭირო მომენტებში ჩვენებური გაცილებით მობილიზებული იყო.

კაარსტის ტურნირზე გამარჯვების წყალობით, საქართველოს პირველმა ჩოგანმა 27 ქულა გამოიმუშავა და კლასიფიკაციაში 80-ოდე ადგილით დაწინაურდება. შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ბასილაშვილს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში 447-ე პოზიცია უკავია.

უკვე ცნობილია, რომ მომავალ კვირაში ქართველი ჩოგბურთელი გერმანიაშივე ნუსლოხის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდი ასევე 15 ათასი დოლარია. ნიკოლოზი MLP-CUP 2014-ზე ძირითად ბადეში გახლავთ დაშვებული.

ერთი საინტერესო დეტალიც. კაარსტშივე ქალთა 10-ათასიანი ტურნირიც ჩატარდა, რომლის ფინალშიც ქართული ფესვების მქონე ნათელა ძალამიძემ ითამაშა. რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა გადამწყვეტი მატჩი პირველი განთესვის მქონე სლოვენიელ ნასტია კოლართან 6:4, 1:6, 4:6 დამარცხდა.

0.127286