ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასტანას 75-ათასიან ჩელენჯერზე წარმატებული თამაშის წყალობით, რეიტინგში საკმაო ხეირი ნახა. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ კლასიფიკაციაში ნიკოლოზი 66 ადგილით დაწინაურდა დ 145 ქულით 312-ე ადგილს უწია.
ამჟამად, ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ შერბურგში იმყოფება და 64-ათასიან ტურნირში პირდაპირ ძირითადი ბადიდა ჩაებმება. ქართველი ჩოგბურთელი “ჩელენჯერ ლა მანჩეს” პირველ რაუნდში ძალებს იტალიელ ფლავიო ჩიპოლასთან მოსინჯავს.
შეგახსენებთ, რომ ხსენებულ ასტანას ტურნირზე სკვალიფიკაციო ბადის დაძლევა მოახერხა ალექსანდრე მეტრეველმაც. შედეგად, იგი რეიტინგში ერთბაშად 145 პოზიციით აღზევდა და 941-ე საფეხურზე იმყოფება.
სულ, ატპ-ს კლასიფიკაციაში 5 ქართველი ჩოგბურთელია: 312 (378). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 145 ქულა; 941 (1086). ალექსანდრე მეტრეველი – 13; 1439 (1439). გიორგი ჯავახიშვილი – 3; 1648 (1646). გიორგი ცივაძე – 2; 2105 (2103). მიხეილ ხმიადაშვილი – 1;
განახლდა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგიც, სადაც ქართველ გოგონებს შესამჩნევი ცვლილებები არ განუცდიათ:
114 (114). ანა ტატიშვილი – 554 ქულა; 207 (206). სოფო შაფათავა – 288; 313 (314). ოქსანა კალაშნიკოვა – 149; 400 (404). ეკატერინე გორგოძე – 101; 453 (451). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 81; 763 (805). სოფო ქვაცაბაია – 25; 1186 (1186). მარიამ ბოლქვაძე – 5; 1236 (1236). თამარ ჭალაგანიძე – 3;
მიმდინარე კვირაში ტატიშვილი აკაპულკოს ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, პირველივე მატჩი დათმო.
სამაგიეროდ, ტატიშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა მექსიკაში ძალებს წყვილთა შეჯიბრში მოსინჯავენ. ანა ამერიკელ ირინა ფალკონისთან გახლავთ შეამხანაგებული და პოლონურ-უკრაინულ (კლაუდია იანს-იგნაჩიკი/მარინა ზანევსკა) დუეტს დაუპირისპირდება.
რაც შეეხებათ კალაშნიკოვას და ფრანგ კაროლინ გარსიას, ისინი ტურნირზე მე-4 ნომრად არიან განთესილნი და ფრანგ სტეფანი ფორეც გაკონს და ჩეხ ევა ჰრდინოვას ეთამაშებიან.
ცნობისთვის, წყვილთა რეიტინგში კალაშნიკოვას 1677 ქულით 50-ე პოზიცია უკავია, ტატიშვილი 1175 ქულით 75-ეა, ხოლო შაფათავა 415 ქულით 165-ე გახლავთ.
იტალიაში, ბეინასკოს 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრა ვერ მოახერხა მაკა ჩახნაშვილმა-რანცინგერმა. მე-7 განთესვის მქონე ქართველმა ჩოგბურთელმა მასპინძელ ანა ტურკოს 6:2, 6:2 კი სძლია, თუმცა, შემდეგ მე-10 რეიტინგით მოასპარეზე სერბ მილანა სპრემოს ვერ გაუმკლავდა – 3:6, 6:0, 2:6.
ძირითად ბადეში პირდაპირაა დაშვებული სოფო შაფათავა. მე-8 ნომრად განთესილი ქართველი გოგონა საწყის წრეში უნგრელ რეკა-ლუკა იანის გაეჯიბრება. წყვილებში შაფათავას და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას მე-2 განთესვა გააჩნიათ და შვეიცარიელი ლისა საბინოს და გერმანელი ენ შაეფერის დამარცხებას ეცდებიან.
ტრადიციულად, ანტალიის 10-ათასიან ტურნირში ითამაშებენ ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. ორივე ჩოგბურთელი ძირითად ბადეში გახლავთ დაშვებული.