ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ აპიანოს საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) ჩაება და ნახევარფინალში გასვლაც მოახერხა.
მე-4 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა Sparkassen Trophy-ის საწყის რაუნდში ჩილელი გილერმო ორმასაბალი 7:6 (7:5), 5:7, 6:2 დაამარცხა, შემდეგ იტალიელ ანტონიო მასარას 5:7, 7:6 (8:6), 6:0 სძლია, მეოთხედფინალში კი მე-7 რეიტინგის მქონე ესპანელ ხუან ლიზარიტურის მოუგო – 6:2, 6:3. ნახევარფინალში ნიკოლოზის მეტოქე იტალიელი პატრიკ პრადერი იქნება.
წყვილთა ტურნირში ბასილაშვილმა და ეგვიპტელმა შერიფ საბრიმ მე-3 ნომრად მიჩნეულ იტალიელი გრასის და ხსენებული ორმაზაბალის დუეტს 2:6, 7:6 (9:7), 10:6 სძლიეს, მეოთხედფინალში კი გზიდან იტალიელები – გალოვიჩი და პეტრონე ჩამოცილეს – 6:1, 6:2, თუმცა, ნახევარფინალში პირველი რეიტინგის მქონე მასპინელთა კიდევ ერთ ტანდემთან (ჯიორჯინი-ვოლანტე) 4:6, 4:6 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიმდინარე რეიტინგში 137 ქულით 302-ე ადგილი უკავია. აპიანოს ტურნირის მოგება ნიკოლოზს 35 ქულას მოუტანს, 10 სარეიტინგო ქულა კი უკვე გარანტირებული აქვს, რაც მას მოწინავე სამასეულში დაბრუნებას საშუალებას მისცემს.