ვაჟთა შორის პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უზბეკეთის ქალაქ კარშიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მე-4 მატჩი მოიგო და ფინალში გააღწია, რითაც 48 სარეიტინგო ქულა გაინაღდა.
ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი რუს ასლან კარაცევს დაუპირისპირდა და 6:3, 6:3 იმარჯვა. თამაში საათსა და ჩვიდმეტ წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზმა 8-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. მეტოქის მოწოდების ამდენივე შანსი ჰქონდა რუს სპორტსმენსაც, თუმცა, მან მხოლოდ ერთხეილ იხეირა.
ბასილაშვილმა 4 ეისი მოაწოდა და ერთადერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ჩვენებურმა პირველ მოწოდებაზე ბურთების 75% (24 32-დან) მოიგო და საქმე მოწინააღმდეგის 8 ორმაგმა შეცდომამაც გაუადვილა.
ფინალურ მატჩში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამერიკელი ჩეიზ ბუჩანანი იქნება, რომელიც მე-5 ნომრადაა განთესილი. ამ უკანასკნელმა ოთხივე შეხვედრა სეტისწაუგებლად მოიგო, ნახევარფინალში კი ინდოელ ჯეევან ნედუნჩეჟიანს 6:4, 6:4 სძლია.
აღსანიშნავია, რომ ორივე ფინალისტი 22 წლის გახლავთ და ორივე მემარჯვენეა, რეიტინგში კი ამერიკელი ქართველს მცირედით უსწრებს – 263-ე ადგილი 294-ეს წინააღმდეგ. მეტოქეები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან, მათ შორის გამარჯვებული კი აქტივს 80 ქულით გაიმდიდრებს.