რაგბი

16:22 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაიას სალელოვე პასი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელ დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგმა”, “კელტების ლიგის” მე-6 ტურში იტალიურ “ბენეტონთან” მეორე გამარჯვება მოიპოვა, ქართველმა ლეგიონერმა კი, მაღალ დონეზე ითამაშა და სალელოვე პასი მიითვალა.

27 წლის “ბორჯღალოსანმა” ორი კვირის წინ დიდი წვლილი შეიტანა “ჰაინეკენის თასზე” ირლანდიური “მანსტერის” ძლევაში, მაგრამ საზარდულის ტრავმამ შეაწუხა და “პერპინიანთან” მატჩი გამოტოვა. “ტრევიზოსთან” ის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ პრობლემამ თავი შეახსენა და 38-ე წუთზე შეცვალეს.

თამაში სქოთებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მე-11 წუთზე გახსნეს. ბასილაიმ მეტოქის 22-ის ხაზთან მაღალ სისწრაფეზე მიიღო გადაცემა, პირველ მბოჭავს ისე ჩაუქროლა, რომ მან ხელიც კი ვერ წაატანა, მეორესთან კონტაქტში შესვლისას მარჯვნივ თანაგუნდელს უპასა და ალამთან ლელო გავიდა. მიუხედავად დიდი სათამაშო უპირატესობისა, “ედინბურგმა” ტაიმი მხოლოდ 10:3 მოიგო. 67-ე წუთზე იტალიელებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს (13:13), მაგრამ ის დღე მაინც მასპინძლების იყო, რომელთაც მეორე ლელო 74-ე წუთზე გაიტანეს და 20:13 იმარჯვეს.

ბასილაია წელს რეგულარულად თამაშობს და ძალიან კარგ ფორმაშია. იმედია, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და ნოემბრის სანაკრებო ტესტ-მატჩებში საქართველოს ნაკრებს მიზნის მიღწევაში დაეხმარება. რაც შეეხება “კელტების” ლიგას, იქ “ედინბურგს” 6 თამაშის შემდეგ მხოლოდ 8 ქულა აქვს და 12 გუნდს შორის მე-10 ადგილზეა, მომდევნო მატჩში კი, 2 ნოემბერს კიდევ ერთ იტალიურ კლუბს, “ძებრეს” უმასპინძლებს.

0.120025