ტატა მარტინო “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი აღარაა. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“ორმხრივი შეთანხმების შემდეგ გადაწყდა, რომ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი აღარ ვარ. მინდა გუნდს მადლობა გადავუხადო. ჩემს განკარგულებაში დიდი ფეხბურთელები იყვნენ. ამ გუნდის გაწვრთნა, ჩემთვის, დიდი პატივი იყო. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს ვერ მივაღწიეთ.” – ციტირებს მარტინოს სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.
ხერარდო მარტინომ “ბარსელონა” გასულ ზაფხულში ჩაიბარა. მან გუნდს ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა. კატალონიელები ქვეყნის თასზე ფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 1/4-ფინალში გავიდნენ. რაც შეეხება ლა ლიგას – “ბარსამ” ჩემპიონობა ბოლო ტურში, “ატლეტიკოსთან” დათმო.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ “ბარსელონას” “სელტას” ამჟამინდელი დამრიგებელი ლუის ენრიკე გაწვრთნის. ოფიციალური განცხადების გაკეთება უახლოეს დღეებში იგეგმება.