კალათბურთი

11:42 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ხუთეულში შერმადინიც მოხვდა

სანიკიძე “სარაგოსაში” აღარ ითამაშებს


მას შემდეგ, რაც ამერიკელი ცენტრი ჯოელ დორსი ნბა-ს წევრ “ჰიუსტონ როკეტსში” გადავიდა, კატალონიური “ბარსელონა” მისი შემცვლელის ძიებაშია, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე ხორვატ ანტე ტომიჩს შეეშველება.

ესპანურმა Sport.es-მა იმ ხუთეულის ვინაობა გაახმაურა, რომელთა შორისაც, სავარაუდოდ, “ბარსელონა” არჩევანს გააკეთებს. ესენი მექსიკელი გუსტავო აიონი, ბრაზილიელი ლუკას ნოგეირა, ამერიკელი ლამონტ ჰამილტონი, გერმანელი ტიბორ პლეისი და ქართველი გიორგი შერმადინი არიან.

კატალონიური გაზეთის ცნობით, აღნიშნული კალათბურთელები “ბარსას” ყურადღებას იმით იპყრობენ, რომ თავისუფალი აგენტები არიან. როგორც ირკვევა, შერმადინის ფასი 450 ათასი ევროა, ნოგეირა 600 ათასად ფასდება, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული (800 ათასი) პლეისი გახლავთ, რომელზე უფლებებიც “ოკლაჰომა სიტი სანდერს” გააჩნია.

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ “სარაგოსაში” აღარ ითამაშებს ვიქტორ სანიკიძე. Heraldo.es-ის ცნობით, ქართველი ფორვარდის გარდა, არაგონულ კლუბს მაიკლ როლი, ჯოზეფ ჯონსი და ჯონატან ტაბუც დატოვებენ.

ამგვარად, მომავალი სეზონისთვის, “სარაგოსას”, ჯერჯერობით, განაცხადში 7 კალათბურთელი ჰყავს: ლომპარტი, ლიში, ტომასი, ნორელი, ფონტენტი, გოულდინგი და იელოვაჩი. შესაძლოა, პირველ გუნდში აინაცვლონ ახალგაზრდებმა დობოსმა და მარინმა. ჯერაც გაურკვეველია, გოლუბივიჩის საკითხი, რომელსაც არაგონელებს მალაგის “უნიკახა” ეცილება.

0.112398