კატალონიური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ იმ ფეხბურთელების ვინაობა გაამხილა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში 26 ნოემბერს ამსტერდამში “აიაქსის” წინააღმდეგ ითამაშებენ.
ცნობილია, რომ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ლიონელ მესი, ტრავმის შემდეგ აღდგენით კურსს გადის. აქედან გამომდინარე, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს ჯგუფიდან გასასვლელად 1 ქულაღა ჭირდებათ და “აიაქსის” შემდეგ “სელტიკს” მასპინძლობენ.
იმ 19 ფეხბურთელს შორის, რომლებიც მომავალი თამაშისთვის ემზადებიან ჩავიც მოხვდა, რომელიც მოედანს ტრავმის შემდეგ უბრუნდება. მას “გრანადასთან” გამართული მატჩის გამოტოვება მოუხდა. სამაგიეროდ ვერ ითამაშებს მარცხენა მცველი ადრიანო, რომელსაც მარცხენა ტერფის მყესები აქვს გაჭიმული.
“ბარსელონას” სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება: პინტო, ოლასაბალი, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, სერხიო რობერტო, გომესი, პატრიკი, ტრაორე, დონგუ.