ფეხბურთი

18:15 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” თვალი ვალტერ სამუელსა და სანტიაგო ვერჯინის დაადგა

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ახალი მწვრთნელი ხერარდო მარტინო მხოლოდ დაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს და მას 2 კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავს. კატალონიელთა ორივე სამიზნე არგენტინელია – ვეტერანი ვალტერ სამუელი და ნაკლებად ცნობილი სანტაიგო ვერჯინი.

მადრიდული Marca-ს ცნობით, ტატა მარტინომ პსჟ-დან ტიაგუ სილვას ტრანსფერს ვეტო დაადო და კლუბის ხელმძღვანელობას ახალი მიზანი დაუსახა. კატალონიელთა ერთ-ერთი სამიზნე 35 წლის ვალტერ სამუელია, რომელიც “ინტერის” ფეხბურთელია. საყოველთაოდ ცნობილ არგენტინელს, ერთი სეზონის განმავლობაში, “რეალშიც” უთამაშია.

“ბარსას” მე-2 სამიზნე “ნიუელზ ოლდ ბოიზის” 24 წლის ფეხბურთელი სანტიაგო ვერჯინია. 191 სანტიმეტრის სიმაღლის ფეხბურთელის შესაძლებლობები მარტინომ ძალიან კარგად იცის, რადგან “ბარსელონას” ჩაბარებამდე, ის სწორედ “ნიუელზ ოლდ ბოიზს” წვრთნიდა. სანტიაგო ვერჯინიზე შეიძლება ითქვას, რომ მან არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყურადღება მიიპყრო და 2012 წელს, ეროვნული გუნდის მაისურით, ერთი თამაშიც ჩაატარა. არგენტინის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში, ვერჯინიმ 34 თამაში ჩაატარა, ყველა მათგანი ძირითად შემადგენლობაში. მან მოედანზე საერთო დროის 87% დაჰყო. ვერჯინიმ თავი 1 გოლითა და 5 ყვითელი ბარათის მიღებით გამოიჩინა. რაც შეეხება ლიბერტადორესის თასს, რომელშიც “ნიუელზ ოლდ ბოიზმა” ნახევარფინალამდე გააღწია, ვერჯინიმ თორმეტივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა და თერთმეტმეტრიანების სერიებში 3 გოლიც გაიტანა.

0.11137