კალათბურთი

11:58 | 19.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "პანათინაიკოსთან" ანგარიში გაათანაბრა

ძალზე დრამატულად მიმდინარეობს ევროლიგის საპლეიოფო სერია ბერძნულ "პანათინაიკოსსა" და ესპანურ "ბარსელონას" შორის. მეოთხდეფინალურ დაპირისპირებამდე უპირობო ფავორიტი კატალონიური საკალათბურთო გრანდი გახლდათ, თუმცა დიამანტიდისის ბრწყინვალე თამაშის შედეგად, ბერძნებმა მეტოქის დარბაზიდან 1 გამარჯვება და მოედნის უპირატესობაც წამოიღეს. გუშინდელი მატჩის წინ "პაო" 2:1 უგებდა მეტოქეს და თუ საკუთარ დარბაზში ერთხელაც მოახერხებდა მეტოქის დამარცხებას, ნახევარფინალის საგზურსაც გაინაღდებდა.

თავის მხრივ, "ბარსას" უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტია მეტოქეს. სამწამიან ზონაში აქტიურად იტვირთებოდა ავსტრალიელი ცენტრი ჯავაი, რომელსაც დიდი "ჭიდაობა" ქონდა გამართული ბერძენ მძიმეწონოსან მეტოქე სხორცანიდისთან. მალევე, მოჭარბებული პერსონალური ჯარიმების გამო, ორივემ სათადარიგოთა სკამზე გადაინცვლა, მათ მაგივრად კი შესაბამისად ანტე ტომიჩი და გაბონელი სტეფან ლასმე გამოჩნდნენ. კატალონიელებმა ძირითადი გამთამაშებლის, მარსელინიო უერტასის კარგი გარჯის შედეგად ხელთ იგდეს ინიციატივა და პირველი მეოთხედი ორმაგი უპირატესობით მოიგეს - 20:10.

მეორე პერიოდში მასპინძლები დროულად გამოფხიზლდნენ. ჯერ ბრამოსი გაიქცა სწრაფ კონტრშეტევაზე და ტომიჩს თავზე გადაატენა ბურთი, მომდევნო შეტევაში ცარცარისმა ჭკვიანური ალეი უპი დაკიდა, რომელიც ლასმემ ზემოდან ეფექტური გდებით დაასრულა. "ბარსას" უპირატესობამ ნელ-ნელა დნობა დაიწყო და დარბაზიც ომახიანად აგუგუნდა. "პანათინაიკოსის" ლეგენდა დიმიტრის დიამანტიდისი უჩვეულოდ ინერტული გახლდათ – ცდილობდა, გუნდურ თამაშზე გაეკეთებინა აქცენტი და პირადად თითქმის არ უტევდა მეტოქის კალათს. დიდ შესვენებამდე 2 წუთით ადრე ჯერ ახალგაზრდა აბრინესმა ჩასვა სამქულიანი, შემდეგ სი ჯეი ვოლასმა გამოიყენა ორი საჯარიმო და პირველი ტაიმი "ბარსამ" მხოლოდ 4 ქულით მოიგო - 31:27.

მატჩის მეორე ნახევრის სტარტზევე ანტე ტომიჩმა და ერაზემ ლორბეკმა სამწამიან ზონაში აშკარად დაჩაგრეს ლასმე და სხორცანიდისი, უმთავრესად კლასით და სისწრაფით. კატალონიური გრანდი დაცვაშიც შეუდარებლად კარგად ირჯებოდა, რამაც შედეგი მყისიერად მოიტანა. სტუმრები 12:0 გაიქცნენ და სერიოზული განაცხადი გააკეთეს მატჩის მოგებაზე (51:38).

უკანასკნელ მეოთხედში ბერძენი გულშემატკივარი დიამანტიდისისგან კიდევ ერთ გმირობას ელოდა, რომელიც ამჯერად აღარ შედგა. "პაოს" 13 ნომერი კვლავ უქულოდ აგრძელებდა ასპარეზობას. მასპინძლებმა კონცენტრაცია მოახდინეს და საბოლოო შტურმზე გადავიდნენ. დაცვასა და შეტევაში ლასმეს კარგი თამაშის წყალობით, მატჩში მცირე ინტრიგა დაბრუნდა - 52:60. თუმცა, ამ მომენტში ხუან კარლოს ნავარომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რაოდენ დიადი მოთამაშეა. მთელი მატჩის განმავლობაში ჩრდილში მყოფმა ესპანელმა გადამწყვეტ მომენტში ორი სამქულიანი ჩააგდო, რითაც საბოლოო წერტილი დაუსვა "პანათინაიკოსის" იმედებს: 70:60 - "ბარსას" დამაჯერებელი გამარჯვება.

შეხვედრის გმირი ხორვატი ანტე ტომიჩი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 30 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა მოუტანა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 21-ს უწია. პლეი ოფის სერიის გადამწყვეტ, მეხუთე მატჩს კატალონიის დედაქალაქი უმასპინძლებს, ხოლო გაამრჯვებული ნახევარფინალურ სტადიაზე მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

 

0.163897