“მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ცენტრალური მცველი ვენსან კომპანი “ბარსელონას” ინტერესის სფეროში კიდევ ერთხელ მოექცა.
ცნობილია, რომ მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსელონა” ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს. კატალონიელთათვის ყველაზე პრობლემური სწორედ ეს პოზიციაა. აქამდე არსებული ინფორმაციით, “ბარსას” პრიორიტეტები ტიაგუ სილვა და მატს ჰუმელსი იყვნენ. სახელდებოდნენ სხვა ფეხბურთელებიც. მათ შორისაა “სიტის” 27 წლის უკანახაზელიც.
Mirror-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კატალონიელები კომპანის ტრანსფერს ამზადებდნენ და ახლა, ისინი მზად არიან “სიტის” ოფიციალური წინადადებით მიმართონ. ინგლისური წყაროს ინფორმაციით, “ბარსა”, ბელგიელის სანაცვლოდ, “ქალაქელებს” 20 მილიონ ფუნტს შესთავაზებს.
სავარაუდოდ, “ბარსას” კომპანის შეძენა ძალიან გაუჭირდება. ბელგიელი “ქალაქელების” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და კაპიტანია. მას კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და “სიტის” შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამ გუნდის ფინანსურად დაინტერესება იოლი არ იქნება.