კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო და არაა გამორიცხული, მან მონაწილეობა “ატლეტიკოსთან” გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩში მიიღოს.
პუიოლს, რომელსაც დიდი ხანია ტრავმები ტანჯავს, 2 მარტის შემდეგ არ უთამაშია. “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კაპიტანი გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. მართალია, მას ექიმებისგან თამაშის ნებართვა ჯერ არ მიუღია, მაგრამ ტატა მარტინომ 35 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მატჩის განაცხადში მაინც შეიყვანა და შესაძლოა, პუიოლი მოედანზეც ვიხილოთ. როგორც იცით, ტრავმირებულია ხერარდ პიკე, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტინოს განკარგულებაში მხოლოდ 3 ცენტრალური მცველია, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ პუიოლია.