ფეხბურთი

3:30 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსამ” “სიტის” კვლავ აჯობა

“ბარსელონასა” და “სიტის” შორის გამართულ შეხვედრაში, 3 კვირის წინანდელი შეხვედრის მსგავსად, მთავარი მოქმედი პირი კვლავ არბიტრი იყო და ამჯერადაც, მან ორივე გუნდს ავნო. პირველ ტაიმში, სტეფან ლენუამ “ბარსას” სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. შესვენებამდე, “ბარსამ” ისეთივე კომბინაცია გაითამაშა, როგორც მანჩესტერში და გოლიც გაიტანა, მაგრამ იონას ერიკსონის მსგავსად, ლენუამაც თამაშგარე მდგომარეობა გამოიგონა და გოლი გააუქმა. მე-2 ტაიმში, თერთმეტმეტრიანის დანიშვნა უკვე “ბარსას” კარში შეიძლებოდა, როდესაც საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები პიკემ დაარღვია. წესების შესაბამისად მოქმედების ნაცვლად, მსაჯმა მომხდარის გამპროტესტებელი პაბლო საბალეტა მოედნიდან გააძევა.

რაც შეეხება გუნდების მოქმედებას – ორივე ტაიმი სტუმართა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მთლიანობაში, თამაში “ბარსას” კარნახით წარიმართა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ გუნდებმა 3 ბურთი გაიტანეს.

ანგარიში 67-ე წუთზე გაიხსნა. ფაბრეგასის გადაცემას მასპინძელთათვის საჭირო მიმართულება ლესკოტმა მისცა, ხოლო მეკარესთან პირისპირ გასულმა მესიმ თავი ელეგანტური დარტყმით გამოიჩინა. ამ გოლის წყალობით, მესი ერთი გუნდის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. არგენტინელს, “ბარსელონას” შემადგენლობაში, 67 ბურთი აქვს გატანილი, რაც რაულის შედეგზე ერთით მეტია.

78-ე წუთზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოედნიდან საბალეტა გააძევეს. ეს იყო ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მეტოქეების რიგით 26-ე წითელი ბარათი, რომელთაგან 10 ინგლისური გუნდების ფეხბურთელებზე მოდის.

მიმდინარეობდა 89-ე წუთი, როდესაც ვენსან კომპანიმ, ახლო მანძილიდან დარტყმით, ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ თამაში მაინც “ბარსელონამ” მოიგო. 3 კვირის წინათ გამართული შეხვედრის მსგავსად, წერტილი ამჯერადაც დანი ალვესმა დასვა. ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა ანდრეს ინიესტას კარგად თამაში დაუფასა.

მე-2 წყვილში პირველი თამაშის შემდეგ უკვე ყველაფერი იყო გარკვეული, რადგან პსჟ-ს სტუმრად 4:0 ჰქონდა მოგებული. პარიზში, ანგარიში “ლევერკუზენმა” გახსნა, მაგრამ ეს თამაშიც ლორან ბლანის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. სიდნეი სემის ზუსტ თავურს მარკინიოსმა და ლავესიმ უპასუხეს. როდესაც ანგარიში 1:1 იყო, როლფესმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ხოლო 68-ე წუთზე, ჩანის მის მე-2 ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ, სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ.

ბოლოს კი, შემოგთავაზებთ ოთხშაბათ დღეს დაფიქსირებული საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს:

  • დღეს, 1111 კვირა, ან 7777 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის (1992 წლიდან) პირველი თამაში გაიმართა;
  • “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდა. კატალონიელებმა “მანჩესტერისა” და “რეალის” სარეკორდო მიღწევა გაიმეორეს;
  • სესკ ფაბრეგასმა, ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონას” მე-300 ყვითელი ბარათი მიიღო. ამაზე მეტი გაფრთხილება მხოლოდ “რეალის” (343), “ბაიერნისა” (327) და “მილანის” (313) ფეხბურთელებს აქვთ მიღებული;
  • მარკინიოსის თავურის წყალობით, მიმდინარე გათამაშებაში, პსჟ-მ, კუთხურიდან მე-5 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია;
  • ჩავიმ ჩემპიონთა ლიგაზე 161-ე თამაში ჩაატრა. კატალონიელი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფს გაუტოლდა. ამაზე უკეთესი შედეგი (168 თამაში) მხოლოდ პაოლო მალდინის აქვს.

 

ბარსელონა-სიტი 2:1 (0:0)

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, მესი, ფაბრეგასი (ს. რობერტო 87), ნეიმარი (სანჩესი 80).

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.

სიტი (4-2-3-1): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი, ფერნანდინიო, მილნერი, სილვა (ნეგრედო 72), ტურე, ნასრი (ნავასი 75), აგუერო (ჯეკო 46).

მწვრთნელი: რუბენ კოუსილიასი.

გოლები: 1:0 მესი (67), 1:1 კომპანი (89), 2:1 ალვესი (90+1).

გაფრთხილებები: ფაბრეგასი 54 – ფერნანდინიო 9, კოლაროვი 23, საბალეტა 30, კომპანი 74.

გაძევება: საბალეტა 78.

მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 16 (9)-9 (5), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 5-9, ჯარიმა: 8-23.

 

პსჟ-ლევერკუზენი 2:1 (1:1)

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ჟალე, მარკინიოსი, სილვა, დინე, პასტორე, კაბაიე, რაბიო, კავანი (კამარა 85), იბრაჰიმოვიჩი (მენესი 72), ლავესი (ლუკასი 62).

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

ლევერკუზენი (4-3-3): ლენო, დონატი, ვოლშაიდი, თორფაქი, გუარდადო, როფლესი, რაინარტცი (ვაგენერი 78), ჩანი, სემი (ბრანდტი 67), დერდიუკი, კასტრო (სონი 67).

მწვრთნელი: სამი ჰიიპია.

გოლები: 0:1 სემი (6), 1:1 მარკინიოსი (13), 2:1 ლავესი (53).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ჟალე 28, რაბიო 79 – როლფესი 28, დერდიუკი 49, ჩანი 52, ვაგენერი 90+3.

გაძევება: ჩანი 68.

გაფრთხილებები: ჟალე 28.

მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 15 (10)-9 (7), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-0, სეივი: 7-10, ჯარიმა: 8-23.

0.174894