ფეხბურთი

1:04 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსამ” სასამართლოს ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარუდგინა

“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ, ესპანეთის სასამართლოს მოთხოვნით, ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარადგინა. ამ მასალების შესწავლის შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა სანდრო როსელის მიმართ სამართალწარმოება.

გასულ კვირაში, “ბარსელონას” ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა წევრმა, ხორდი კაზესმა როსელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღძრა და “ბარსას” პრეზიდენტს ნეიმარის ტრანსფერის განხორციელების დროს 40 მილიონი ევროს მითვისებაში დასდო ბრალი. ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ “ბარსელონას”, საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად, ხუთდღიანი ვადა მისცა. ესპანური პრესის ცნობით, კატალონიელებმა მოთხოვნილი საბუთები მეხუთე დღეს, ორშაბათს დილით წარადგინეს.

Marca-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა, ტონი ფრეიშამ სასამართლოში ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით 2011 და 2013 წლებში გაფორმებული კონტრაქტები, ასევე 2011, 2012 და 2013 წლების ფინანსური ანგარიშები წარადგინა. სწორედ ამ დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გადაწყდება, უნდა განაგრძოს თუ არა სასამართლომ ხორდი კაზესის სარჩელის განხილვა.

0.12795