ავტოსპორტი

2:42 | 30.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბარიკელო გაჩერებას არ აპირებს

 

ფორმულა ერთის ვეტერან რუბენს ბარიკელოს თავისი კარიერის გაგრძელების დიდი სურვილი აქვს და როგორც თავად ამბობს, მომავალი სეზონისთვის მზადებას უკვე შედგომია. როგორც ბრაზილიური გამოცემა „პრიმეირა ედისაუ“ იუწყება, სან პაულუელი პილოტი რამდენიმე გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას. რა თქმა უნდა, ამ გუნდებს შორის უპირველესი „უილიამსია“, რომლის ბოლიდითაც ის ორი სეზონია ასპარეზობს.

„რბოლებით ჩემი გატაცება არ გამქრალა. ჯერაც გამარჯვებები მწყურია. წლები მემატება, მაგრამ კარიერის გაგრძელება მსურს. მალე მაიკ კოფლენს (უილიამსის ახალ მთავარ ინჟინერს) შევხვდები და მისგან გავიგებ, რას აპირებს მომავალი სეზონისთვის. 2008 წელს, დეკემბრამდე არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ფ1-ში დარჩენას. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უძნელესი პერიოდი იყო. და არ მინდა, რომ მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს“, - ამბობს ბარიკელო.

ბრაზილიელი პილოტი დღევანდელ ფ1-ში ყველაზე ხნიერი არაა, თუმცა მას ყველაზე მეტ რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზე 315 სტარტია და ამგვარად, ფ1-ის ისტორიაში ის ერთადერთი მრბოლია, ვისაც სამი ასეული გადალახული აქვს.

2009 წელს ბარიკელომ შესანიშნავად იასპარეზა „ბრაუნში“, თუმცა მერე ეს გუნდი „მერსედესმა“ გამოისყიდა და რუბინიუს „უილიამსში“ გადასვლა მოუხდა. „უილიამსში“ არაერთხელ გაუსვამთ ხაზი, რომ ბრაზილიელი პილოტის გამოცდილება, მეტადრე მანქანის სრულყოფისას, მათთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამდენად, მისი დატოვება ბრიტანული გუნდისთვის სასურველია. თუმცა, ბარიკელოსთვის ეს არ კმარა - მას ისეთი მანქანა სჭირდება, როგორიც მოგების გემოს გაახსენებს...

მიმდინარე სეზონში, ბარიკელოს მხოლოდ 4 ქულა აქვს მოგროვილი (ორი მეცხრე ადგილისთვის), რითაც კლასიფიკაციაში მე-15 ადგილი უკავია.

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161175