ჭიდაობა

21:46 | 22.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოში თავისუფლების დღეები დასრულდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ომარ გურჯიძის (69 კგ) მიერ გუშინ მოპოვებული ოქროს მედლით ჩაამთავრა. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, მაგრამ კვარცხლბეკი ხუთივე წონაში ქართველების გარეშე შეივსო.
მიზანთან ყველაზე ახლოს 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ირაკლი მხეიძე იყო. მას სამეულში შესვლა სულ რაღაც ორი შეხვედრის მოგებით შეეძლო, მაგრამ მხოლოდ ერთი მოიგო და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
ძირითად ბადეში მხეიძე პირდაპირ მე-2 წრიდან – მეოთხედფინალიდან ჩაერთო და მონღოლ გუნდსამბუუ ბაზარდარის სამპერიოდიანი დაძაბული ბრძოლის შედეგად გასცდა (2:4, 2:1, 2:2). ნახევარფინალში უკრაინელ ვასილ მიხაილოვთან წააგო (0:4, 3:6) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ირანელ საბერ მოჰამად ხანჯანს ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა (0:5, 0:3).
ლევან მურცხვალაძე (54 კგ) და ტარზან მაისურაძე (63 კგ) აზერბაიჯანულ ხალიჩაზე მხოლოდ თითოჯერ გავიდნენ. მურცხვალაძისთვის დაუძლეველი ზღუდე უზბეკეთის ნაკრების წევრი ზოკირ მანსუროვი აღმოჩნდა (2:2, 2:4). მაისურაძე კი ინდოელ აინგხ სურხიტთან დამარცხდა (1:3, 1:1). ფინალამდე ვერც მანსუროვმა მიაღწია და ვერც სურხიტმა. შესაბამისად, ქართველებს, დამამშვიდებელი ეტაპის გზაც ჩაეკეტათ.
76 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი ჩხარტიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი კანადელი იგნატიუს ბართელმი პიტის იოლად ძლევით გახსნა – 7:0, 6:0. მერვედფინალში კი მასპინძელ მაჰამადჰაჯი მუხუტოვთან სამპერიოდიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (2:1, 1:5, 1:3) და შეჯიბრებას გამოეთიშა.
მძიმეწონოსანმა ბექა კახეთელიძემაც ორჯერ იჭიდავა, ოღონდ, ჩხარტიშვილისგან განსხვავებით, ორჯერვე წააგო. ძირითად ბადეში პირველსავე მეტოქედ მომავალი ჩემპიონი – რუსი გიორგი გოგაევი ერგო და უშანსოდ დამარცხდა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი, ამერიკელ გარეტ ჯოზეფ რაიანთანაც დაიჩაგრა – 2:8, 1:8.
ხვალ-ზეგ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს მოჭიდავე გოგონები გამოავლენენ, ხოლო 25-26 აგვისტოს აზერბაიჯანული ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს დაეთმობათ.

თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
ბაქო. 21-22 აგვისტო


42 კგ
1 კოსგუნ მამადოვი (აზერბაიჯანი)
2 ასლან შახიევი (რუსეთი)
3 ბოგდან ლაზარიევი (უკრაინა)
3 აიტუგან ჟანჟიგიტოვი (ყაზახეთი)

46 კგ
1 ზაურ უგუევი (რუსეთი)
2 ვასილ მიხაილოვი (უკრაინა)
3 საბერ მოჰამად ხანჯანი (ირანი)
3 სატოში ფუჯიკავა (იაპონია)
5 ირაკლი მხეიძე (საქართველო)

50 კგ
1 ალი ფარვიზ მოჰამადზადენაგარჩი (ირანი)
2 რუსლამ სუზკაიევი (აზერბაიჯანი)
3 კეისუკე ოტოგურო (იაპონია)
3 ანდრეი იაცენკო (უკრაინა)
5 გიორგი ლეჟავა (საქართველო)

54 კგ
1 ჰაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი)
2 მან აბისეკი (ინდოეთი)
3 ბაურჟან ტორებეკი (ყაზახეთი)
3 მაჰამადჰუსეინ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

58 კგ
1 ჩაჰიდ ჰასანზადე (აზერბაიჯანი)
2 ტაიმურაზ გურიევი (რუსეთი)
3 სელიმ კოზანი (თურქეთი)
3 სამირ სატარ იავარი (ირანი)
5 ავთანდილ კვაჭაძე (საქართველო)

63 კგ
1 ზაინ რეზერფორდი (აშშ)
2 სუპიან ნურმაგომედოვი (რუსეთი)
3 მეჰმეთ ვოლკან ასანი (თურქეთი)
3 ჰოსეინ ნოროუზალი როუზბემალე (ირანი)

69 კგ
1 ომარ გურჯიძე (საქართველო)
2 სერგეი დრამარეცკი (უკრაინა)
3 რეზა როსტამალი მოზაფარიჯუიბარი (ირანი)
3 შამილ სადულაიევი (აზერბაიჯანი)

76 კგ
1 აბდულაშიდ სადულაევი (რუსეთი)
2 რუსლან რუჩკო (უკრაინა)
3 მაჰამადჰაჯი მუხუტოვი (აზერბაიჯანი)
3 შოთა შირაი (იაპონია)

85 კგ
1 ინალ ტასოევი (რუსეთი)
2 ჩერმენ ბაგაიევი (აზერბაიჯანი)
3 ბოგდან ხრიტსაი (უკრაინა)
3 ჰოსეინ შაჰბაზიგაზვარი (ირანი)

100 კგ
1 გიორგი გოგაევი (რუსეთი)
2 საიდ გამიდოვი (აზერბაიჯანი)
3 ალისგარ აბას აკბარიზარინკოლაე (ირანი)
3 იუნუშ ემრე დედე (თურქეთი)
7 ბექა კახეთელიძე (საქართველო)

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091612