ძიუდო

22:02 | 7.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოში კენჭი ყარეს

8-9 ოქტომბერს, ბაქოს სპორტ-დარბაზი “სერხედჩი” ძიუდოში მსოფლიოს თასს უმასპინძლებს. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ, პირველ ტურნირზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით იჭიდავებს. ქართული გუნდის ავსტრიელი თავკაცის, პიტერ ზაიზენბახერის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს პირველობაზე ნამყოფ სპორტსმენთაგან აზერბაიჯანში მხოლოდ სამი მოირგებს კიმონოს: თენგიზ პაპოშვილი (73 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ). ამათ გარდა, ზაიზენბახერმა ბაქოში უშანგი კუზანაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე 60 კგ), ლევან ჩუბინიძე, გიორგი მკალავიშვილი (66 კგ), ამბაკო ავალიანი (73 კგ), პაატა ღვინიაშვილი და შოთა ჯავახაძე (81 კგ) იახლა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ეყოლება.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, მსოფლიოს თასის ჩემპიონ-პრიზიორები საწყის სამ წონაში გამოვლინდებიან. წილისყრა უკვე შედგა და გაირკვა, რომ შაბათს, ქართული ექვსეულიდან პირველ წრეში ჭიდაობა მხოლოდ პაპოშვილს მოუწევს. იგი რუს იგორ რიბინს დაეჭიდება. დანარჩენები კი საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთვებიან.
კუზანაშვილი ტურნირს ყაზახ არისტან შემაროვთან შეხვედრით გახსნის. ამ წყვილში გამარჯვებული კი მეოთხედფინალში ამერიკელ ნიკოლას კოსორს შეხვდება. მერებაშვილს პირველ მეტოქედ საუდის არაბეთის ნაკრების წევრი, ეისა მაირაში ერგო. მისი ძლევის შემთხვევაში, ლატვიელ ანდრეის მაგერსისა და აზერბაიჯანელი რასიმ ასადულაევის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.
ჩუბინიძე სავარაუდო მოწინააღმდეგეების: იტალიელი ფრანჩესკო ფარალდოსა და აზერბაიჯანელი ნიჰათ შიჰალიზადას ჭიდაობას დააკვირდება. თუ მათ შორის მოგებულს ჩამოიშორებს, მეოთხედფინალში სავარაუდოდ ირანელ ჰამიდ რეზა ხათიბი შაჰხალის დაეჭიდება.
პაპოშვილი რიბინის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში მოლდოველი ვიქტორ სკვორცოვის პირისპირ დადგება. ავალიანს კი მერვედფინალში მეტოქედ ყაზახი მახათ მაზიბაევი ერგო.
კვირას მედლები 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. პაატა ღვინიაშვილი შეჯიბრებას ყაზახ ფარხად რუზუკულოვთან შეხვედრით გახსნის, შოთა ჯავახაძე, ლევან ჟორჟოლიანი და ადამ ოქრუაშვილი კი მასპინძლებთან შეხვედრით დაიწყებენ. ჯავახაძე ტურალ საფგულიევს შეხვდება, ჟორჟოლიანი – რაფაელ შაჰვერდიევს, ხოლო ადამ ოქრუაშვილი – ანდრეი ფატიევს.
აზერბაიჯანში 25 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა. მათ შორის არ არიან ფავორიტი ნაკრებები იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი და ჰოლანდია. ხოლო მათ, ვინც ბაქოში ჩასვლა გადაწყვიტეს, გუნდები ტიტულოვანი ძიუდოისტების გარეშე დააკომპლექტეს.
მსოფლიოს თასის ჩემპიონები ოქროს მედალთან ერთად 100 სარეიტინგო ქულას მიიღებენ, ვერცხლის პრიზიორები – 60-ს, ბრინჯაოსნები – 40-ს.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094366