ხვალიდან კვირის ჩათვლით, ბაქოს ოლიმპიური სპორტკომპლექსი "სერხედჯი" ძიუდოისტთა “დიდ პრიზს” უმასპინძლებს. 150 ათასი დოლარის საპრიზო ფონდიან ტურნირში, რომელიც ტუნისში უნდა გამართულიყო და პოლიტიკური არეულობების გამო აზერბაიჯანში გადაიტანეს, მონაწილეობას 50 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. საქართველოს ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა პიტერ ზაიზენბახერმა, ახლახან ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ნამყოფი შემადგენლობა სანახევროდ გადაახალისა და აზერბაიჯანში 10 სპორტსმენი იახლა. სტამბოლური ევროპირველობის მედალოსანთაგან, განაცხადში ამჯერად მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) მოხვდა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანულ ტატამზე ამირან პაპინაშვილი იჭიდავებს. იგი შეჯიბრებაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება, ლატვიელი ანდრეის მაგერსისა და ყაზახი ასხატ ტელმანოვის წყვილში მოგებულთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში კი, მეოთხედფინალში სავარაუდოდ მასპინძელთა ერთ-ერთ ჯილას ილგარ მუშკიევს დაუპირისპირდება.
შალვა ქარდავა (66 კგ) დიდ პრიზს მონღოლ ხიშიგბაიარ ბუუვეიბაატართან შეხვედრით გახსნის. ამ წყვილიდან გასული კი, სლოვენიელ როკ დრაკშიჩსა და პოლონელ ტომას კოვალსკის შორის საუკეთესოს დაეჭიდება.
73 კილოგრამში ქართული დროშის ქვეშ თენგიზ პაპოშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი იჭიდავებენ. პაპოშვილის პირველი მეტოქე რუმინელი ადრიან ნიკოლაე მერგე იქნება, ხოლო ამათში მოგებულს, მეორე წრეში კანადელი ნიკოლას ტრიტონი ელოდება. ტატალაშვილი წილისყრამ პირდაპირ მეორე წრეში განთესა, მოწინააღმდეგედ კი, აზერბაიჯანელი ნადირ ბაბაიევი არგუნა.
ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაურიც (ორივე 81 კგ) მეორე წრიდან ჩაერთვებიან ტურნირში, ისევე, როგორც მათი მოწინააღმდეგეები, უნგრელი შანდორ ნაგისოლიმოში და თურქი აჰმეტ სარი. ლიპარტელიანი გერმანელ კრისტოფ ლამბერტს შეხვდება. თუ ჩამოიცილებს, ყაზახ ალექსანდრ კასაჩევსა და კამერუნელ დიეუდონ დოლასემს შორის მოგებულს დაუპირისპირდება, მეოთხედფინალში კი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი კენან ნაგიევისა და ლიტველი კაროლის ბაუზას წყვილში გამარჯვებულთან იჭიდავებს. ლიპარტელიანისვე ბადეშია ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, უზბეკი დილშოდ ჩორიევი. მისი და ვარლამის გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთს.
100 კილოგრამში კიმონოს კონსტანტინე მუკვანი და ალექსანდრე მსხალაძე მოირგებენ. მუკვანი უკრაინელ არტემ ბლოშენკოს შეხვდება და თუ აჯობებს, ლატვიელ ევგენიუს ბოროდავკოზე გავა. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე, ოქრო-ვერცხლის შანსი ირაკლი ცირეკიძეს სწორედ ბოროდავკომ დააკარგვინა. მსხალაძეს კიდევ უფრო მძიმე წილი ერგო. “დიდ პრიზს” რუსი ასხავ კოსტოევით გახსნის. ამათ შორის მოგებულს კი, მეორე წრეში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი ელის.
მძიმე წონაში საქართველოს სახელით მხოლოდ ნოდარ მეტრეველი იჭიდავებს. ყაზახი ბეიბიტ ისტიბაევის ძლევის შემთხვევაში, მსოფლიო რეიტინგის მეორეადგილოსანი ეგვიპტელის, ისლამ ელ შეჰაბის პირისპირ დადგება.
ბაქოს დიდი პრიზის ჩემპიონები ოქროს მედალთან და 3 ათას დოლართან ერთად, ორას სარეიტინგო ქულასაც მიიღებენ. ვერცხლის პრიზიორებს 2 ათასი დოლარი და 120 ქულა ერგებათ, ხოლო ბრინჯაოსნებს – ათასი დოლარი და 80 ქულა.
“დიდ პრიზზე” რეპეშაჟის წესი არ იმოქმედებს. მეოთხედფინალში წაგებული უმალ მეხუთე ადგილს დაიკავებს და ორმოც ქულასაც გამოიმუშავებს, მერვედფინალში დამარცხებულები 24 ქულით გამდიდრდებიან, უიღბლო მეთექვსმეტედფინალისტები – 16 ქულით, ხოლო ოცდამეთორმეტედფინალისტები – 8 ქულით. ამრიგად, უქულოდ აზერბაიჯანულ ტატამზე გასული არც ერთი ძიუდოისტი არ დარჩება.
სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს – პარასკევს, ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, შაბათს მედლები 73 და 81 კილოგრამში გათამაშდება, ხოლო კვირას, დარჩენილ სამ წონაში – 90, 100 და +100 კილოგრამებში.
ოთარ მაღლაკელიძე







