6-8 მაისს, ბაქო ძიუდოისტთა დიდ პრიზს უმასპინძლებს. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 100 ათასი დოლარია, მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს, ოღონდ, კონკრეტულად რომელი ქართველი ძიუდოისტები გავლენ აზერბაიჯანულ ტატამზე, ჯერ უცნობია. არადა, ქართული დელეგაცია ბაქოში ზეგ უნდა გაემგზავროს.
ნაკრების ავსტრიელი თავკაცი პიტერ ზაიზენბახერი, სტამბოლში ჩატარებული ევროპირველობის შემდეგ სამშობლოში გაემგზავრა. ის საქართველოში სავარაუდოდ, ხვალ უნდა ჩამოვიდეს და საბოლოო განაცხადსაც თავად იტყვის.
სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს – პარასკევს, ჩემპიონ-პრიზიორები 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, შაბათს – 73 და 81 კილოგრამებში, ხოლო კვირას – 90, 100 და +100 კილოგრამებში.
ოთარ მაღლაკელიძე







