ძიუდო

18:16 | 14.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს მასტერსზე წილი ყარეს

ხვალ-ზეგ აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, ძიუდოისტთა უპრესტიჟულეს ტურნირს – მსოფლიოს მასტერსს უმასპინძლებს. 200 ათასი დოლარის საპრიზო ფონდიან შეჯიბრში, მონაწილეობას მხოლოდ ინდივიდუალურად მიწვეული სპორტსმენები მიიღებენ. დებულების თანახმად, მასტერსზე ჭიდაობის უფლება თითოეული წონის 16 საუკეთესორეიტინგიან ძიუდოისტს ეძლევა და უფრო დაბალ საფეხურებზე მდგომთ მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევენ, თუკი ძირითადი განაცხადის წევრი ტატამზე გასვლას ვერ ახერხებს. მასტერსის ჩემპიონი ფულად ჯილდოსთან, 6 ათას დოლართან ერთად, 400 სარეიტინგო ქულასაც გამოიმუშავებს. ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს 240 და 160 ქულა ერიცხებათ, ხოლო მეოთხედფინალში დამარცხებულებს – 80.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთაგან ბაქოს მოსაწვევები ამირან პაპინაშვილმა, დავით ასუმბანმა (ორივე 60 კგ), ლევან წიკლაურმა (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილმა (+100 კგ) მიიღეს. უმსუბუქეს წონაში მოჭიდავე ქართველები კიმონოს ხვალ მოირგებენ. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს მედლები 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდება. მეორე დღეს კი, ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მასტერსის წილისყრის შედეგები უკვე გამოაქვეყნა. ქართველთა მეტოქეებზე კი, ინფორმაციას “მსოფლიო სპორტისგან” მიიღებთ.
მსოფლიო რეიტინგის მეთერთმეტეადგილოსანი, ამირან პაპინაშვილი მასტერსს მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოსან იტალიელთან, ელიო ვერდესთან (მე-8 ადგილი რეიტინგში) შეხვედრით გახსნის. თუ დაამარცხებს, მაშინ მეოთხედფინალში, უზბეკ რიშოდ სობიროვისა და მონღოლი ბოლდბაატარ განბატის წყვილიდან გასულს დაეჭიდება. ცნობისთვის, სობიროვი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და 60 კილოგრამი წონითი კატეგორიის პირველი ნომერია. ამასთან, შარშანდელი მასტერსის გამარჯვებულიც.
დავით ასუმბანი (16) ბადის მეორე მხარეს მოხვდა და პირველ მეტოქედ რუსი არსენ გალსტიანი (4) ერგო. შეგახსენებთ, გალსტიანმა 2009 წელს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ ევროპირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. შარშანდელი სეზონი კი, მსოფლიოს ბრინჯაოთი აღნიშნა. ასევე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა წინა მასტერსზეც. ასუმბანი-გალსტიანს შორის მოგებული, მეოთხედფინალში ან ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის (21) დაუპირისპირდება ან მონღოლ ბოლდბაატარ ჩიმედ-იონდონს (22). საინტერესოა, რომ ეს ძიუდოისტები მასტერსზე მას შემდეგ მიიწვიეს, რაც საუკეთესო თექვსმეტეულის რამდენიმე წევრის აზერბაიჯანში ჩასვლა საბოლოოდ გამოირიცხა.
ლევან წიკლაური (13) პირველ წრეში იაპონელ ტაკაჰირო ნაკაის (8) დაეჭიდება. ამ უკანასკნელმა, მასტერსზე გამოსვლა გასული სეზონის მიწურულს გაინაღდა, მას შემდეგ, რაც ტოკიოს დიდი სლემის ჩემპიონობისთვის 300 სარეიტინგო ქულა დაერიცხა. ნაკაის ძლევის შემთხვევაში, წიკლაურის მოწინააღმდეგე სლოვენიელ ალჯაზ სედეჟსა (23) და ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩს (12) შორის მოგებული იქნება. 81 კილოგრამი ერთადერთი წონაა, რომელიც მასტერსზე რეიტინგის ლიდერს მოისაკლისებს – სამხრეთკორეელი მსოფლიოს ჩემპიონის, ჯაე-ბუმ კიმის ბაქოში ჩასვლა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გამოირიცხა.
ვარლამ ლიპარტელიანი (9) ტურნირს უზბეკ ხურშიდ ნაბიევთან (11) შეხვედრით გახსნის. თუ ჩამოიცილებს, მეოთხედფინალში იაპონელ დაიკი ნიშიამასა (5) და აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს (7) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ლიპარტელიანი ნიშიამას შარშან, ტოკიოში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდა. მსაჯის საეჭვო გაფრთხილებამ ქართველი ფინალს მიღმა დატოვა. საბოლოოდ, ნიშიამამ ვერცხლი ირგუნა, მას შემდეგ, რაც ფინალში ილიას ილიადისთან ვეღარც მსაჯებმა უშველეს, ვარლამ ლიპარტელიანმა კი, რეპეშაჟის ფინალიც წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
შარშანდელი მასტერსის ერთადერთ ქართველ მედალოსანს, ბრინჯაოს პრიზიორ ლევან ჟორჟოლიანს (12) ამჯერად, პირველ მოწინააღმდეგედ აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი (33) ერგო, რომელიც ბაქოს მასტერსის ყველაზე დაბალრეიტინგიანი მონაწილეა, თუმცა, ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ წილისყრა ჟორჟოლიანისთვის იღბლიანია. პირველი წრის გადალახვის შემთხვევაში, ქართველ ძიუდოისტს სავარაუდოდ, რეიტინგის ლიდერთან, იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონთან, ტაკამასა ანაისთან მოუწევს დაჭიდება. ანაის პირველი მეტოქე, მონღოლი ტამუულენ ბატულგა (17) იქნება.
ზვიად ხანჯალიაშვილი მსოფლიოს რეიტინგში 21-ე ადგილზეა. იგი აზერბაიჯანული მასტერსის განაცხადში მას შემდეგ, მოხვდა, რაც ტრავმირებული მძიმეწონოსნები შეჯიბრის წინასწარ განაცხადს გამოაკლდნენ. პირველ წრეში, ქართველი, იაპონელ კეიჯი სუძუკის (5) შეხვდება. ამ წყვილიდან გასული კი, პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩსა (17) და ბელარუს იჰარ მაკარაუს (20) შორის გამარჯვებულს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160444