ძიუდო

11:25 | 12.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბაქო-თბილისის სამზადისს მინისტრიც დაესწრო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კანდიდატტთა უმრავლესობა, ახალი სეზონისთვის დიღომში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ემზადება. წლის პირველი ტურნირი მომავალ უქმეებზე, აზერბაიჯანში გაიმართება. ბაქო მსოფლიოს მასტერსს უმასპინძლებს და ტატამზე მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ძიუდოისტები გავლენ, მათ შორის 6 ქართველიც – ამირან პაპინაშვილი, დავით ასუმბანი (ორივე 60 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ). 29-30 იანვარს კი, თბილისში ტრადიციული მსოფლიოს თასი გაიმართება და საქართველოს ნაკრებს, თითოეულ წონით კატეგორიაში, 4 წარმომადგენელი ეყოლება.
11 იანვარს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლადო ვარძელაშვილი და მინისტრის მოადგილე, დავით ნამგალაური ესტუმრნენ და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრნენ. ცენტრალურ დარბაზში, დაახლოებით, 70-მდე ძიუდოისტი შეიკრიბა. მათ შორის, ასაკობრივი ნაკრებების წევრებიც იყვნენ. წვრთნა მწვრთნელთა შტაბმა სრული შემადგენლობით ჩაატარა.
წინასასეზონო სამზადისსა და იანვარში ჩასატარებელი 2 ტურნირისთვის, გუნდის მზადების შესახებ, “სპორტული ამბები” ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სოსო ლიპარტელიანს ესაუბრა.
“სეზონს ბაქოს მასტერსით ვხსნით. ამ პრესტიჟულ ტურნირზე მონაწილეებს ინდივიდუალურად იწვევენ. პირადი რეიტინგით ჩვენი გუნდის ხუთი წევრიც მოხვდა მასტერსის განაცხადში, ხანჯალიაშვილის თაობაზე კი, ორგანიზატორები მას შემდეგ დაგვიკავშირდნენ, რაც რამდენიმე მაღალრეიტინგიანი მძიმეწონოსანის ჭიდაობა გამოირიცხა. მართალია, სეზონის დასაწყისია და ბიჭები ოპტიმალურ ფორმაშიც ვერ არიან, მაგრამ მაინც შეუძლიათ მედლებისთვის იბრძოლონ. რაც შეეხება თბილისის ტურნირს, სამზადისს 16 იანვრიდან შევუდგებით. სპორტის სასახლეში ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებით დაკომპლექტებული გუნდი გამოვა, თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე გამონაკლისიც დავუშვათ. ჯერ კონკრეტულ გვარებზე საუბარი ადრეა, მაგრამ სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი პაატა მერებაშვილი (60 კგ) იქნება, რომელიც სამეულს მიღმა დისკვალიფიკაციის გამო დარჩა. მსოფლიოს თასზე ნაკრების კანდიდატთა გამოსვლას განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით, შედეგებით კი, იმ ძიუდოისტებს შევარჩევთ, რომლებიც შემდეგ, საერთაშორისო ტურნირებში ჩაერთვებიან, ნაკრების ლიდერობისა და 2012 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულების მოსაპოვებლად” – განაცხადა ლიპარტელიანმა.
ნაკრების თავკაცს, ავსტრიელ კონსულტანტ პეტერ ზაიზენბახერზე და მის მიერ დაწესებულ განსაკუთრებულად დატვირთულ ვარჯიშებზეც დავეკითხეთ. შევიტყვეთ, რომ ზაიზენბახერი მთავარ მწვრთნელს, ძიუდოისტთა ფიზმომზადების საკითხში დაეხმარება და ამასთან, ექიმების ჯგუფსაც უხელმძღვანელებს. უჩვეულო დატვირთვებისთვის კი, სპორტსმენებს ხანმოკლე პრობლემების შემდეგ აუღიათ ალღო და ამ მხრივ, უკვე თითქმის ყველაფერი რიგზეა. ზაიზენბახერი თბილისში 12 იანვარს, დილაადრიან ჩამოვა და თბილისის მსოფლიოს თასისთვის სამზადისში აქტიურად ჩაერთვება.
რაც შეეხება მასტერსს, ბაქოში ქართულ ექვსეულს, არც ავსტრიელი კონსულტანტი გაჰყვება და არც მთავარი მწვრთნელი. გუნდს ლიპარტელიანის ასისტენტი, გურამ მოდებაძე უხელმძღვანელებს.
აქვე, ერთი საინტერესო დეტალიც. საქართველოს ჩემპიონატის გამომტოვებელ და მწვრთნელისგან შერისხულ სახელოვან ძიუდოისტებს – ზაზა კედელაშვილსა და ირაკლი ცირეკიძეს, არც დღევანდელ სანაკრებო ვარჯიშში მიუღიათ მონაწილეობა. ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ ისინი კვლავ დასჯილები არიან, თუმც, იქვე დასძინა, ამ დღეებში ცირეკიძესთან შეხვედრას ვაპირებ, რადგან პირადად მისგან გავიგო, მზადაა თუ არა ახალი დატვირთვებით სავარჯიშოდო. თუკი, ოლიმპიური ჩემპიონისგან დასტურს მიიღებს, სავარაუდოდ, მას საერთაშორისო ტურნირებშიც მისცემს შანსს.
მოკლე კომენტარი სპორტის მინისტრმაც გააკეთა. ლადო ვარძელაშვილმა აღნიშნა, რომ ძიუდოისტებს წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი ელით და მათ ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებში წარმატება უსურვა.

 

ოთარ მაღლაკელიძე
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.194345