არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ვალენსიის" საკუთრებაში მყოფ ნახევარმცველ ევერ ბანეგას კარიერის გაგრძელება "მარსელში" სურს.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენის გადახდას აპირებენ ფრანგები არგენტინელის სანაცვლოდ.
25 წლის არგენტინელმა ნახევარი სეზონი "ნიუელს ოლდ ბოიზში" განათხოვრების წესით გაატარა. "ოლიმპიკმა" დაადასტურა, რომ ფეხბურთელი მარსელო ბიელსას გეგმებშიც შედის და თავად ბანეგასაც სურს საფრანგეთში თამაში.
ევერ ბანეგას განცხადებით, კლუბს იგი აღარ სჭირდება და "მარსელის" ვარიანტი ხიბლავს.
"ხუან ანტონიო პიციმ მითხრა, რომ ესპანეთს დავტოვებდი, მისი პირდაპირობა მომეწონა, რადგან ადრევე გამაფრთხილა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თუ მომიწევს კლუბიდან წასვლა, რა თქმა უნდა, წავალ. "მარსელის" მხრიდან დაინტერესება ძალიან მომეწონა, "ვალენსიასთან" კონტრაქტი შემდეგ წელიწადს მეწურება და ვნახოთ მოლაპარაკება, როგორ წარიმართება." _ განაცხადა ბანეგამ.
შეგახსენებთ, რომ გაბრიელ ჰაინცე არგენტინულ კლუბში ბანეგასთან ერთად თამაშობდა და კარიერის დასრულების შემდეგ მარსელო ბიელსამ სამწვრთნელო შტაბში მიიწვია. შეიძლება ბიელსას დაინტერესება ბანეგათი ჰაინცეს დამსახურებაცაა.
გიორგი ბალახაძე