ევერ ბანეგამ შესაძლოა “ვალენსია” დატოვოს. ამ თემაზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა მარსელო სიმონიანმა NapoliCalcioLive.com-თვის გააკეთა. სიმონიანის თქმით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაირკვევა ფეხბურთელის მომავალი.
“მზად ვართ ნებისმიერ კლუბთან მოსალაპარაკებლად, თუმცა შესაძლოა ბანეგას კლუბის გამოცვლა არ მოუწიოს. რამდენიმე დღეში ესპანეთში ჩავალ და “ვალენსიას’’ წინადადებას განვიხილავ, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერაფერს გეტყვით’’ _ განაცხადა სიმონიანმა.
25 წლის არგენტინელი ესპანურ კლუბში ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსიდან’’ 2008 წელს გადმობარგდა, თუმცა პირველი სეზონი განათხოვრების წესით მადრიდის “ატლეტიკოში’’ გაატარა.
“ვალენსიაში’’ ჩარიცხვისას ბანეგაზე დიდ იმედს ამყარებდნენ, თუმცა ტრავმებმა და კონფლიქტებმა მის კარიერას ზიანი მიაყენა. სადღეისოდ მის აქტივში 175 მატჩი და 11 გოლია.
ბანეგა 2008 წლიდან ირიცხება ეროვნულ ნაკრებში. ,,ალბისელესტეს’’ რიგებში 23 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი.
დიმიტრი შარიქაძე