ბოლო პერიოდში “კლივლენდ კავალიერსი” ენდრიუ ბაინემის “ლეიკერსელ” პაუ გასოლში გაცვლას აქტიურად განიხილავდა, თუმცა, საბოლოოდ, ამერიკელი ცენტრი “ჩიკაგოში” აღმოჩნდა, სანაცვლოდ კი კლივლენდელები “ბულზის” ექს-კაპიტან ლუოლ დენგს მიიღებენ.
ESPN-ის ინფორმაციით, გარიგების შედეგად “ხარები” სამ დრაფტ-პიკს და 2015 წლის დრაფტის პირველი არჩევანის გაცვლის უფლებასაც დაეპატრონენ.
უფრო კონკრეტულად, “ჩიკაგოს” დრაფტის პირველ რაუნდში “საკრამენტოს” არჩევანი ერგო, რომელიც “კავალიერსმა” 2011 წელს მიიღო, გარდა ამისა, “ბულზს” გადაელოცა “პორტლენდის” კუთვნილი 2015 და 2016 წლების დრაფტის მე-2 არჩევანი, რომელიც კლივლენდელებმა 2013 წელს მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ “კავალიერსმა” ბაინემი ვარჯიშებს გასული წლის დეკემბერში ჩამოაშორა, მიზეზად კი კალათბურთელის უწესო ქცევა დასახელდა, რომელიც კლუბს აზარალებდა. მაშინვე “კლივლენდმა” 26 წლის მოთამაშის თავიდან მოცილების სურვილიც გამოთქვა.
თავის მხრივ, “ჩიკაგოს” ახალ 3-წლიან და 30-მილიონიან კონტრაქტზე უთხრა უარი დენგმა. შედეგად, 28 წლის ფორვარდის გაშვებით და საგადასახადო ვალდებულებების თავიდან მოცილებით, “ბულზი” დაახლოებით 15 მილიონ დოლარს დაზოგავს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ბაინემმა 24 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 8.4 ქულას, 5.3 მოხსნას და 1.2 დაფარებას აგროვებდა, დენგის მაჩვენებლები კი გაცილებით უკეთესი გახლდათ: 23 მატჩი, 19.0 ქულა, 6.9 მოხსნა, 1.0 ჩაჭრა.