სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:24 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” გვარდიოლა წარადგინა

პეპი: "ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია ასეთია – შეტევა"

 

41 წლის სპეციალისტმა პეპ გვარდიოლამ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა. კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მესაჭის წარდგენაზე იმყოფებოდნენ “რეკორდმაისტერის” პრეზიდენტი ული ჰიონესი, აღმასრულებეი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი მატიას ზამერი. გვარდიოლამ ყველა გააოცა, რადგან ჟურნალისტებთან გერმანულ ენაზე ისაუბრა:

“დილა მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო. ჩემთვის აქ ყოფნა განსაკუთრებულია. ძალიან ბედნიერი ვარ”.

“დიდ ხანს ვმუშაობდით იმაზე, რომ პეპი “ბაიერნში” გადმოსვლაზე დაგვეყოლიებინა. მას ჯერ კიდევ 2 წლის წინათ ვესაუბრე და შევატყვე, რომ ჩვენი კლუბი აინტერესებდა”, - ჩაერთო საუბარში რუმენიგე.

“ბარსელონაში” გატარებული დრო ბრწყინვალე იყო, მაგრამ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. ახლა, ამისთვის მზად ვარ. “ბაიერნი” დიდი კლუბია, სადაც გამუდმებით დიდი ყურადღების ქვეშ ყოფნა მომიწევს, მაგრამ ამას შეგუებული ვარ. ამიტომაცაა, მწვრთნელი რომ ვარ”, - განაგრძო გვარდიოლამ.

რუმენიგე: “გვეამაყება, რომ უკანასკნელი წლების საუკეთესო მწვრთნელი “ბაიერნში” მოვიდა”.

ჰიონესი: “თავიდანვე ვიცოდი, რომ გვარდიოლა სწორედ ისაა, ვინც “ბაიერნში” ჩასატარებელ სამუშაოს იდეალურად გაართმევს თავს”.

ზამერი: “ჩემი ოცნება ისაა, რომ პეპის ოჯახი და სამწვრთნელო შტაბი “ბაიერნში” მაქსიმალურად ბედნიერი იყოს”.

გვარდიოლა: “24 ივლისს, “ბაიერნი” “ბარსელონას” ამხანაგურად გაეჯიბრება. არ ვიცი, როგორი გრძნობით შევხვდები ამ მატჩს, მაგრამ ეს ნამდვილად განსაკუთრებული იქნება. ახლა “ბაიერნში” ვარ, “ბარსა” – წარსულია. ოდნავ აღელვებული ვარ, რადგან საქმე “ბაიერნს” ეხება, რომელმაც გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო. ის, რომ აქ უმაღლეს შედეგებს ელიან, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. ჩემთვის, იუპ ჰაინკესის მემკვიდრეობა დიდი პატივია. იმედია, ჩემს ხელში გუნდი ისეთივე მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს, როგორსაც გასულ სეზონში ვხედავდით.

არა მგონია, “ბარსელონასა” და “ბაიერნს” შორის იმხელა სხვაობა იყოს, რასაც 7:0 ასახავს, მაგრამ მიუნხენელები იმ მატჩებში უფრო ძლიერები იყვნენ.

“ბაიერნში” საკადრო რევოლუციას არ ვაპირებ. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობასთან უკვე ვისაუბრე. მას შემდეგ, რაც “ბაიერნმა” გასულ სეზონში ამდენი ტიტული მოიგო, როგორ შეიძლება წამყვანი ფეხბურთელების გაშვება? სანამ ასე ვფიქრობ, დიდ საკადრო ცვლილებებს არ ელოდოთ. ეს გუნდი დიდ ხანს შენდებოდა და მისი ერთი ხელის მოსმით დანგრევა არ ივარგებს. ამ შემადგენლობას უნდა გავუფრთხილდეთ.

თამაშის სტილი? ვისურვებდი, შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა. ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია ასეთია – შეტევა”.

ბოლოს, გვარდიოლამ დასძინა, რომ მის სამწვრთნელო შტაბში ადგილს დომენეკ ტორენი, ლორენცო ბუენავენტურა, კარლეს პანშარი და მანუელ ესტიარტე დაიკავებენ. 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117158