ფეხბურთი

1:16 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნის” სირცხვილი და “რეალის” მონატრებული ფინალი

 

“ბაიერნსა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩის წინ, მიუნხენური გუნდის გულშემატკივრები მადრიდელ სტუმრებს ჯოჯოხეთს ჰპირდებოდნენ. “ალიანც არენაზე”, 90 წუთის განმავლობაში, ჯოჯოხეთი ერთი გუნდისთვის ნამდვილად იყო, მაგრამ ეს გუნდი არა “რეალი”, არამედ “ბაიერნია”.

თავიდანვე ორივე გუნდმა იმ თამაშის ჩვენება დაიწყო, რომელიც ყველაზე უკეთ ეხერხება – “ბაიერნი” ბურთს ფლობდა, ხოლო “რეალი” თავის შანსს კონტრშეტევებში ეძებდა. პეპ გვარდიოლას შეგირდები, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, რეალური სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდნენ, რასაც სტუმარ გუნდზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, როდესაც მოდრიჩმა ბურთი კუთხურიდან მოაწოდა, ხოლო სერხიო რამოსმა მე-2 სართულზე ძალიან კარგად ითამაშა და თავური დარტყმით გაიტანა. იმის გათვალისწინებით, რომ “რეალს” პირველი თამაში 1:0 ჰქონდა მოგებული, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მიუნხენელებს 3 უპასუხო ბურთის გატანა სჭირდებოდათ.

“ბაიერნის” გულშემატკივრები 3 გოლზე მხოლოდ 4 წუთის განმავლობაში ფიქრობდნენ. მე-20 წუთზე, რამოსმა თავით კიდევ ერთხელ დაარტყა ზუსტად და “რეალი”, 2 მატჩის ჯამში, 3:0 დაწინაურდა.

კარლო ანჩელოტის გუნდი არც ამაზე გაჩერდა. 34-ე წუთზე, მიუნხენელებმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგეს, რასაც ბეილის გარღვევა და რონალდუსთვის საგოლე გადაცემის გაკეთება მოჰყვა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა – მის გარდა, ერთ გათამაშებაში 15 გოლი არავის გაუტანია. გარდა ამისა, რონალდუმ ლიგის ფლეი ოფში 32-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით აქამდე რეკორდსმენ ლიონელ მესის გადაუსწრო.

მე-2 ტაიმში “რეალმა” შეტევებს უკლო, “ბაიერნი” კი კასილიასის კარს უფრო ხშირად ემუქრებოდა, მაგრამ მიუნხენელებმა პრესტიჟის გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს, თავად კი კიდევ ერთი გაუშვეს. 90-ე წუთზე, კრიშტიანუ რონალდუ საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად მივიდა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ცოცხალ კედელს ბურთი ქვემოდან გაუძვრინა და საბოლოო ანგარიში 0:4 დააფიქსირა.

ბოლოს კი შემოგთავაზებთ ამ მატჩში დაფიქსირებული საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს:

  • “რეალმა” მიუნხენში პირველად მოიგო. აქამდე, ამ გუნდებს შორის გერმანიაში ჩატარებული 10 თამაშიდან 9-ში მასპინძლებს მოეგოთ, ხოლო ერთი ფრედ იყო დასრულებული;
  • “რეალმა” “ბაიერნთან” სტუმრად გამართული 11 თამაშიდან გოლო ათში გაიტანა;
  • კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მე-14 თამაში ჩაატარა. ის ვიქტორ ვალდესს, ჩავი ერნანდესსა და ედვინ ვან დერ სარს გაუთანაბრდა;
  • პეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის საშინაო თამაში პირველად წააგო. კატალონიელ სპეციალისტს წინა 14 ასეთ თამაშში წაგება არ ჰქონდა;
  • კარლო ანჩელოტის “ბაიერნთან” არასდროს წაუგია. მისმა გუნდებმა 6-ჯერ მოიგეს და 2-ჯერ ფრედ ითამაშეს;
  • “ბაიერნს”, ევროტურნირების საშინაო მატჩში 4 ბურთის სხვაობით აქამდე არასდროს წაუგია. მიუნხენელთა ყველაზე დიდი საშინაო მარცხი ზაგრების “დინამოსთან” 1:4 წაგება იყო. ეს 1963 წელს მოხდა;
  • “რეალი” ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში მეცამეტედ გავიდა, რაც რეკორდია. მადრიდელები ტურნირის გადამწყვეტ მატჩში 2002 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ;
  • “რეალმა” ჩემპიონთა თასის/ლიგის მოქმედი ჩემპიონი გათამაშებიდან მერვედ გამოთიშა, რაც რეკორდია. წინა სამ შემთხვევაში (1998, 2000, 2002) მადრიდელები ჩემპიონები თავად ხდებოდნენ;
  • “რეალმა” ფლეი ოფის სამივე ეტაპზე გერმანული გუნდი დაამარცხა. მადრიდელებმა 1/8-ფინალში “შალკეს” (2 მატჩის ჯამში 9:2), 1/4-ფინალში “დორტმუნდს” (3:2) და ნახევარფინალში “ბაიერნის” (5:0) სძლიეს.

 

ბაიერნი-რეალი 0:4 (0:3)

მიუნხენი, “ალიანც არენა”

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, კროოსი, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი (პისარო 72), რიბერი (გიოტცე 72), მანჯუკიჩი (მარტინესი 46).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.

რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, რამოსი (ვარანი 75), პეპე, კოენტრაუ, მოდრიჩი, ალონსო, დი მარია (კაზემირო 84), ბეილი, ბენზემა (ისკო 80), რონალდუ.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: 0:1 რამოსი (16), 0:2 რამოსი (20), 0:3 რონალდუ (34), 0:4 რონალდუ (90).

გაფრთხილებები: დანტე 17 – ალონსო 38.

მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 19 (10)-13 (7), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 0-3, სეივი: 3-10, ჯარიმა: 13-7.

0.370007