ფეხბურთი

17:00 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” ნავსის გატეხვას შეეცდება, “ბარსა” – 1/2-ფინალში ზედიზედ მეშვიდედ გასვლას

 

ჩემპიონთა ლიგის პირველი 2 ნახევარფინალისტი უკვე ცნობილია. დღეს, “ჩელსისა” და “რეალს” კიდევ 2 გუნდი შეუერთდება. ამ 2 საგზურის მოსაპოვებლად სერიოზული საკადრო პრობლემების მქონე 4 გუნდი ერთმანეთს მადრიდსა და მიუნხენში დაუპირისპირდება.

 

ატლეტიკო-ბარსელონა (პირველი მატჩი 1:1)

“ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” ბრძოლამ ესპანეთის ჩემპიონატიდან კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე გადმოინაცვლა. დღეს გაირკვევა, კატალონიური გუნდი ზედიზედ მეშვიდედ გავა ნახევარფინალში, თუ მადრიდელები 40-წლიან ნავსის გატეხვას მოახერხებენ.

ერთი კვირის წინათ ნაჩვენები თამაშისა და შედეგის გათვალისწინებით, ფავორიტად მასპინძელი გუნდი უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიეგო სიმეონეს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. დიდი ალბათობით, “ბარსელონას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს “ატლეტიკოს” ლიდერი დიეგო კოსტა, რომელმაც ბოლო ვარჯიშები გამოტოვა. რაც შეეხება არდა თურანს, მისი დღეს თამაში გამოირიცხა.

უდანაკარგოდ არც “ბარსელონაა”. ხერარდო მარტინო ხერარდ პიკეს ვერ დაიხმარს, ხოლო ვიქტორ ვალდესი რომ “ატლეტიკოსთან” ვერ ითამაშებდა, ეს დიდი ხნის წინათ გახდა ცნობილი.

წინა მატჩის მსგავსად, გუნდები ერთმანეთს ამჯერადაც კარგი განწყობით ხვდებიან. “ატლეტიკომ” პრიმერას ბოლო 6 თამაში მოიგო და სიმეონეს შეგირდები გათამაშებას ლიდერობენ. მათ 1 ქულით ჩამორჩება “ბარსელონა”, რომელსაც ლა ლიგაში მოგებათა 5-მატჩიანი სერია აქვს.

“ატლეტიკო” და “ბარსელონა” მადრიდში ერთმანეთს 107-ედ დაუპირისპირდებიან. წინა 106 თამაშიდან მადრიდელებმა 50 მოიგეს, კატალონიელებმა – 33, ხოლო 23 თამაში ფრედ დასრულდა. “ატლეტიკო” “ბარსელონასთან” უკვე 4 თამაშია არ აგებს, მაგრამ დედაქალაქელები ვერც მოგებას ახერხებენ. ამ გუნდების დაპირისპირებაში “ბარსა” ბოლოს 2010 წლეს დამარცხდა, მას შემდეგ კი 10 თამაში ჩატარდა.

“ატლეტიკოს”, ევროტურნირებზე, ესპანურ გუნდებთან, 13-ჯერ უთამაშია. მადრიდელებმა 6-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და 4-ჯერ წააგეს. საკუთარ კედლებში ჩატარებული 4 მატჩიდან “ატლეტიკომ” 3-ში იმარჯვა, ხოლო ერთმა თამაშმა მოგებული ვერ გამოავლინა.

“ბარსა” ესპანურ გუნდს ევროტურნირებზე 21-ედ დაუპირსიპირდება. წინა ოც თამაშში კატალონიელებს 5 მოგება, 6 ფრე და 9 მარცხი აქვთ. სტუმრად ჩატარებული 9 შეხვედრიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 1 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.

მატჩს ინგლისელი ჰოვარდ უები განსჯის, რომელსაც “ატლეტიკოს” თამაშში მონაწილეობა 2-ჯერ მიუღია. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, მადრიდელებმა “პორტუსთან” საკუთარ კედლებში 2:2 ითამაშეს. მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, სიმეონეს გუნდმა იმავე “პორტუს” სტუმრად ანგარიშით 2:1 სძლია.

“ბარსელონას” მატჩში უებს 3-ჯერ უმსაჯია და კატალონიელებმა სამივე მათგანი მოიგეს, აქედან 2 მეტოქის მოედანზე. 2008 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ბარსამ” “შახტარს” დონეცკში 2:1 სძლია. 2009 წელს, 1/4-ფინალში, კატალონიელებმა მიუნხენის “ბაიერნი” 4:0 გაანადგურეს, ხოლო მომდევნო სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, ესპანელებმა კიევის “დინამოს” სტუმრად 2:1 სძლიეს.

  • “ატლეტიკოს”, ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო 4 საშინაო თამაში მოგებული აქვს;
  • “ატლეტიკო” ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალში ბოლოს 1974 წელს იყო;
  • “ბარსელონას” შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდეს. აქამდე, კატალონიური გუნდის გარდა, ნახევარფინალში ზედიზედ 6-ჯერ არავინ გასულა;
  • “ატლეტიკოს”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი გასვლაზე ფრედ 7-ჯერ უთამაშია. მადრიდელები შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ ვერ გავიდნენ. ეს ჩემპიონთა ლიგის 1996-97 წლების გათამაშების 1/4-ფინალში მოხდა. მას შემდეგ, “ატლეტიკო” ამ ეტაპამდე პირველად მივიდა;
  • “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეთექვსმეტედ თამაშობს. კატალონიელებს ეს ეტაპი 13-ჯერ აქვთ დაძლეული, რაც რეკორდია;
  • “ბარსელონას”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე ფრედ 10-ჯერ უთამაშია. კატალონიურმა გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლა 5-ჯერ მოახერხა. ესპანელებმა 1:1 5-ჯერ ითამაშეს და ასპარეზობა 3-ჯერ განაგრძეს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფში ესპანურ გუნდებთან გამართული 9 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან “ბარსელონამ” 4 მოიგო;
  • “ატლეტიკოს”, ევროტურნირის ფლეი ოფში ესპანურ გუნდებთან 4-ჯერ უთამაშია. მადრიდელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა 3-ჯერ მოახერხეს;
  • გუნდების მთავარი მწვრთნელები, დიეგო სიმეონე და ტატა მარტინო ერთმანეთს ფეხბურთელობის დროსაც შეხვედრიან. 1998 წელს, მარტინოს “ნიუელს ოლდ ბოისმა” სიმეონეს “რასინგთან” 2:2 ითამაშა. მარტინო სიმეონესთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით, წითელი ბარათი სიმეონემაც მიიღო;
  • მიმდინარე სეზონში, “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ერთმანეთს მეხუთედ ხვდებიან. წინა 4 თამაში ფრედ დასრულდა, 2-ჯერ 1:1 და ორჯერ 0:0;
  • დიეგო სიმეონეს, მწვრთნელის რანგში, “ბარსელონასთვის” არასდროს მოუგია. 7 დაპირისპირებიდან პირველი 3 კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ბოლო 4 – ფრედ;
  • “ატლეტიკოს” თავდამსხმელი, დავიდ ვილია, 2010-2013 წლებში, “ბარსელონაში” თამაშობდა. ის კატალონიიდან მადრიდში გასულ ზაფხულში გადავიდა და ყოფილ გუნდს გოლი პირველივე თამაშში გაუტანა;
  • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, “ატლეტიკომ” საკუთარ კედლებში 26 თამაში ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ წააგო;
  • “ატლეტიკოს”, პრიმერა დივიზიონის 32 ტურის შემდეგ, 79 ქულა აქვს, რაც წინა მთელი გათამაშების შედეგს (76) აღემატება. უკანასკნელად მადრიდელებს ამაზე მეტი ქულა (87) 1995-96 წლების სეზონში ჰქონდათ, როდესაც ისინი ჩემპიონები გახდნენ;
  • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, “ატლეტიკომ” 104 გოლი გაიტანა, რაც კლუბის მიერ 1996-97 წლების სეზონში დამყარებულ რეკორდზე 3 ბურთით ნაკლებია;
  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა 7401 გადაცემა გააკეთეს, რომელთაგან ზუსტი 6301 გამოდგა. ორივე ეს შედეგი საუკეთესოა. ფეხბურთელებს შორის ჩავი ლიდერობს, რომელმაც 1015 ცდიდან ბურთი თანაგუნდელამდე 935-ჯერ მიიტანა;
  • ლიონელ მესის, ჩემპიონთა ლიგაზე, 67 გოლი აქვს გატანილი. ის მხოლოდ რაულს (71) ჩამორჩება;
  • ლიონელ მესიმ, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართულ პირველ 15 თამაშში 20 გოლი გაიტანა, მაგრამ ის მადრიდული გუნდის კარის აღებას უკვე 5 მატჩია ვერ ახერხებს;
  • ლიონელ მესიმ, ბოლო 16 თამაშში 20 გოლის გატანა მოახერხა;
  • “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის მატჩი 2003 წლის შემდეგ არ წაუგია. მას შემდეგ, კატალონიელებმა 8 თამაში მოიგეს და 7 ფრედ ითამაშეს;
  • ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, “ბარსელონას” მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა 27 წითელი ბარათი მიიღეს. სხვა არცერთი გუნდის მეტოქეებს 18 წითელზე მეტი არ მიუღიათ;
  • მიმდინარე გათამაშებაში, ყველაზე მეტი, 22 ყვითელი ბარათი “ატლეტიკოს” ფეხბურთელებმა მიიღეს;
  • ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ჩატარებულ ბოლო 20 თამაშში 19 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი, როდრიგესი, გაბი, ტიაგო, კოკე, გარსია, ვილია.

ბარსელონა (4-3-3): პინტო, ალვესი, მასკერანო, ბარტრა, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, მესი, ფაბრეგასი, ნეიმარი.

მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).

 

ბაიერნი-მანჩესტერი (პირველი მატჩი 1:1)

მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, წყვილის ფავორიტად თავიდანვე “ბაიერნი” იყო შერაცხული და პირველი თამაშის შემდეგ მიუნხენელებმა ეს სტატუსი გაიმყარეს, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდის საქმე არც ისე კარგადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ბოლო დროს, “ბაიერნი” ინგლისში კარგად კი თამაშობს, მაგრამ მიუნხენელებს ბრიტანელებთან საკუთარ კედლებში უჭირთ. ამის პარალელურად, მიმდინარე სეზონში, “მანჩესტერი” სტუმრად გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებს, ვიდრე საკუთარ კედლებში. დევიდ მოიესის გუნდი, მეტოქის მოედანზე აღებული ქულებით, პრემიერლიგაში პირველ ადგილზეა, მაგრამ ყველა თამაშის შედეგის გათვალისწინებით, “წითელი ეშმაკები” მე-7 პოზიციას იკავებენ.

“ბაიერნს” საკადრო პრობლემებიც საკმაოდ აქვს. გვარდიოლას მიერ გაწვრთნილ “ბარსელონაშიც” და “ბაიერნშიც”, საკვანძო რგოლი მოედნის ცენტრია და სწორედ აქ უჭირთ მიუნხენელებს. ტიაგო ალკანტარა ტრავმირებულია, ხოლო ბასტიან შვაინშტაიგერსა და ხავი მარტინესს დისკვალიფიკაციები აქვთ.

საკადრო პრობლემების ნაკლებობას არც დევიდ მოიესი განიცდის. სტუმრებს ფელაინი, რაფაელი, ვან პერსი, ევანსი და მატა არ ეყოლებათ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იანგისა და რუნის თამაში.

“ბაიერნი” დღევანდელ მატჩს კარგი განწყობით არ ხვდება. მიუნხენელებმა ბუნდესლიგის წინა ტურში “აუგსბურგთან” 0:1 წააგეს. მართალია, “რეკორდმაისტერს” გერმანიის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს, მაგრამ 53-მატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა სასიამოვნო ნამდვილად არაა.

“მანჩესტერმა”, პრემიერლიგის ბოლო 2 თამაში იოლად მოიგო, თუმცა მოიესის გუნდმა ცხრილში დაწინაურება მაინც ვერ მოახერხა.

“ბაიერნი” და “მანჩესტერი” ერთმანეთს მეთერთმეტედ ხვდებიან. მიუნხენელებს 3 მოგება აქვთ, მანჩესტერელებს – 2, ხოლო 3 თამაში ფრედ დასრულდა. გერმანიაში ჩატარებული 4 მატჩიდან 2 მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო ორმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

“ბაიერნისა” და ინგლისური გუნდების დაპირისპირება 44 თამაშს ითვლის. გერმანულმა გუნდმა 16-ჯერ მოიგო, ამდენჯერვე ფრედ ითამაშა და 12-ჯერ წააგო. საკუთარ კედლებში ჩატარებულ 19 შეხვედრაში “ბაიერნს” 10 მოგება, 6 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა.

“მანჩესტერმა”, გერმანულ გუნდებთან ჩატარებული 28 თამაშიდან 14 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 6 დათმო. მეტოქის მოედანზე გამართულ 13 მატჩში ინგლისელებს 5 მოგება, 4 ფრე და 4 წაგება აქვთ.

შეხვედრის განსასჯელად UEFA-მ იონას ერიკსონი მიავლინა. შვედ არბიტრს “ბაიერნის” შეხვედრაში მონაწილეობა 2-ჯერ მიუღია. 2007 წელს, ევროპის ლიგაზე, მიუნხენელებმა “ბრაგასთან” 1:1 ითამაშეს. მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ევროპის სუპერთასზე, “ბაიერნმა” “ჩელსის” თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია.

“მანჩესტერის” შეხვედრა ერიკსონი პირველად განსჯის.

  • “მანჩესტერ იუნაიტედს” მიუნხენში გამართულ მატჩში არასდროს მოუგია;
  • “ბაიერნმა”, ინგლისურ გუნდებთან მიუნხენში ჩატარებული ბოლო 4 თამაში ვერ მოიგო. აქედან 2 მიმდინარე სეზონში ჩატარდა;
  • “მანჩესტერმა”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე ფრედ 11-ჯერ ითამაშა. ინგლისელები მომდევნო ეტაპზე 5-ჯერ გავიდნენ. 1:1 5-ჯერ დაფიქსირდა და “მანჩესტერმა” ორრაუნდიანი დაპირისპირება 3-ჯერ მოიგო;
  • “ბაიერნს” ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი სტუმრად ფრედ 18-ჯერ უთამაშია. მიუნხენელები შემდეგ ეტაპზე 16-ჯერ გავიდნენ. 1:1 “ბაიერნმა” 11-ჯერ ითამაშა და “რეკორდმაისტერი” მომდევნო ეტაპზე გასვლას ყოველთვის ახერხებდა;
  • “ბაიერნმა”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 თამაშიდან 4 ვერ მოიგო და ყველა მათგანში მიუნხენელები ინგლისურ გუნდებს უპირისპირდებოდნენ;
  • თუ დღეს რაიან გიგზმა ითამაშა, ის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე 142-ე თამაშს ჩაატარებს. უელსელი ფეხბურთელი ჯერჯერობით ერთპიროვნულ რეკორდსმენს, რაულ გონსალესს გაუტოლდება;
  • “მანჩესტერმა” სტუმრად ჩატარებული ბოლო 3 თამაში მშრალად მოიგო;
  • “მანჩესტერ იუნაიტედმა”, მიმდინარე გათამაშებაში, 9 მატჩში კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა. ამაზე უკეთესი შედეგი არავის აქვს;
  • ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან “მანჩესტერმა” მხოლოდ 1 მოიგო;
  • “მანჩესტერმა” გოლის გატანა გერმანულ გუნდებთან გამართულ ბოლო 15 თამაშში მოახერხა. უკანასკნელი გერმანული გუნდი, რომელმაც “წითელ ეშმაკებთან” მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა, სწორედ “ბაიერნია”. ეს 2002 წელს მოხდა;
  • ჩემპიონთა ლიგის ბოლო 28 თამაშიდან “ბაიერნმა” გოლი მხოლოდ ერთში ვერ გაიტანა და იმ მატჩში მიუნხენელთა მეტოქე ინგლისური გუნდი იყო;
  • “ბაიერნმა”, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ბოლო 8 თამაშიდან 6 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ბოლო გუნდი, რომელმაც მიუნხენელები ფლეი ოფში დაამარცხა, ინგლისურია;
  • მიმდინარე გათამაშებაში, ყველაზე მეტი, 4 თერთმეტმეტრიანი “ბაიერნის” ფეხბურთელებმა დაარტყეს, მაგრამ მხოლოდ 2 გაიტანეს. ოთხივე ეს თერთმეტმეტრიანი არიენ რობენმა გამოიმუშავა. სხვა არცერთ ფეხბურთელს გუნდისთვის ორ პენალტზე მეტი არ მოუპოვებია;
  • “მანჩესტერმა”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო, თუმცა ეს გერმანულ გუნდთან მოხდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, ლამი, რობენი, კროოსი, გიოტცე, რიბერი, მანჯუკიჩი.

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა, ჯონსი, ვიდიჩი, ფერდინანდი, ევრა, ფელაინი, კერიკი, ვალენსია, კაგავა, უელბეკი, რუნი.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

0.639508