ავტოსპორტი

5:05 | 14.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბაჰრეინი ფ1-ის სამასპინძლოდ მზადაა

 

ფორმულა ერთის წლევანდელი ჩემპიონატის კალენდარში 19 ეტაპია შეტანილი, თუმცა დიდი შანსია, რომ მხოლოდ 18 რბოლა ჩატარდეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პოლიტიკური სტაბილურობის გამო, არ ჩატარდა სეზონის გახსნითი ეტაპი - ბაჰრეინის დიდი პრიზი. თუმცა, ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპარსეთის ყურის ამ პატარა, კუნძულოვან ქვეყანაში, სიტუაცია დასტაბილურდა და ის მზადაა, სეზონის მეორე ნაწილში დიდი პრიზების ცირკს უმასპინძლოს.

ბაჰრეინში ანტისამთავრობო გამოსვლები მსხვერპლით დასრულდა. სიტუაცია იმდენად იყო გართულებული, რომ სახირის ავტოდრომის სამედიცინო პერსონალი ქვეყნის დედაქალაქ მანამაში გადაიყვანეს. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო იმისათვის, რომ ბაჰრეინს რბოლის მიღებისგან თავი შეეკავებინა.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რბოლა ჩაიშალა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ბაჰრეინის რბოლის ორგანიზატორებს პირობა მისცა, რომ თუ ეს უკანასკნელნი 1 მაისამდე შეძლებდნენ რბოლის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტირებას, მაშინ მათი ეტაპი კალენდარს ამ სეზონშივე დაუბრუნდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინის სამეფოში მღელვარებები ჯერაც არ ჩამცხრალა, სახირის ტრეკის შეფმა, შეიხ სალმან ბინ ისა ალ ხალიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებულია და რომ რბოლის ჩატარებაც შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ფ1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელმა ბერნი ეკლსტოუნმა, რბოლის ჩაშლის მიუხედავად, ბაჰრეინის ეტაპის ორგანიზატორები არ დააჯარიმა. უფრო მეტიც, მათ პირობაც კი მისცა იმისა, რომ ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორების შემდეგ, ბაჰრეინული დიდი პრიზი კალენდარს დაუბრუნდებოდა და არც ის გამორიცხა, რომ ეს ამ სეზონშივე მოხდებოდა.

თუმცა, არსებობს გარკვეული პრობლემები. კერძოდ ის, რომ ძლიერი სიცხეების გამო, ბაჰრეინში ზაფხულში რბოლის ჩატარება შეუძლებელია. მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში კალენდარი სრულადაა დატვირთული და იმდენად მჭიდროდაა შედგენილი, რომ იქ რბოლის ჩასმა შეუძლებელია. ერთი შანსია, რომ აბუ დაბიმ თავისი თარიღი (13 ნოემბერი) დათმოს და სეზონის ბოლო ეტაპად გადაინაცვლოს. ამ შემთხვევაში, ის დეკემბერში უნდა ჩატარდეს. ამაზე კი გუნდების თანხმობაა აუცილებელი...

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158085