ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ბადრი ხასაია (84 კგ) სპორტულ კარიერას ასრულებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად სპორტსმენმა აუწყა. ევროპის 2002 წლის ჩემპიონი ამჟამად დუშეთშია, სანაკრებო შეკრებაზე, მაგრამ ნაკრების კანდიდატად აღარ განიხილება. არც სხვა კანდიდატების მსგავსად იტვირთება. მხოლოდ მსუბუქად ვარჯიშობს და მთავარ მწვრთნელს, ბეგი დარჩიას წვრთნის წარმართვაში ეხმარება.
- გაზაფხულზე ნაკრების პირველი ნომერი იყავი. ახლა კი... რატომ გადაწყვიტე აქტიური სპორტიდან ასე მოულოდნელად წასვლა?
- სიამოვნებით დავრჩებოდი და გავაგრძელებდი ბრძოლას, მაგრამ ჯანმრთელობა საშუალებას აღარ მაძლევს. ბოლო წლებში ამ პრობლემამ ძალიან გამაწამა. წლევანდელ ევროპირველობას ზედ დასკვნითი შეკრებისას გამოვაკლდი, რაც უმძიმესი დარტყმა იყო.
- კონკრეტულად რა პრობლემაა?
- ორგანიზმი დამხმარე საშუალებებს ვეღარ იღებს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ნორმებით დაშვებულ ძალების აღმდგენ საშუალებებს ვგულისხმობ. ამის გარეშე კი ნებისმიერი სპორტსმენისთვის ძალიან ძნელია უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა. ბოლო თვეებში როგორ არ ვებრძოლე თავს, მაგრამ ჩვეულად აჭიდავებას ვეღარ ვახერხებ. ამიტომაც გადავდგი ეს არც თუ სასიამოვნო ნაბიჯი.
- საბოლოო გადაწყვეტილება როდის მიიღე?
- თბილისის საერთაშორისო ტურნირის შემდეგ. ამ შეჯიბრმა დამანახა, რომ ძველებურ ფორმაში ჩადგომას ვეღარ ვახერხებ. დუშეთის შეკრებაზე მწვრთნელის რანგში ვიღებ მონაწილეობას. მინდა ქართველ გულშემატკივრებს წლების განმავლობაში ჩემდამი გამოხატული პატივისცემისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო.
ბადრი ხასაია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ უცვლელ წევრად ითვლებოდა. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე 5 მედალი მოიპოვა. ყველაზე წარმატებული სეზონი 2002 წელს ჰქონდა, როდესაც ევროპირველობაზე იმარჯვა, ხოლო მსოფლიოზე ვერცხლს დაეუფლა და წლის ბოლოს, ევროპის ჭიდაობის ფედერაციამ კონტინენტის საუკეთესო კლასიკოს მოჭიდავედ დაასახელა. 2005 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს დაეუფლა, 2007-ში მესამე ადგილი უკვე მსოფლიოზე დაიკავა. 2008-ში კი ევროპული ვერცხლი ირგუნა.
ოთარ მაღლაკელიძე