ფეხბურთი

14:50 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბადრი კვარაცხელია: “ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე ბაქოელები გავლენ”

ბადრი კვარაცხელიამ აზერბაიჯანულ ინტერნეტპორტალ azerisport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უეფას ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში, “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” წყვილში, მომდევნო ეტაპზე ბაქოელები გავლენ.

- თოვუზურ კლუბში როგორ აღმოჩნდით?

- ეს შეთავაზება ჩემთვის მოულოდნელი იყო. თუმცა, მას დავთანხმდი, რადგან თოვუზურ ფეხბურთს კარგად ვიცნობ. კლუბის პოტენციალისა და პერსპექტივის გარდა, მისი წარსული ყველასთვის ცნობილია. თოვუზი აზერბაიჯანული ფეხბურთის ერთ-ერთი ცენტრია. ფინანსური პრობლემების გამო, პოზიციების დაკარგვის მიუხედავად, აქ ნამდვილია საბადოა. ჩემთვის თოვუზში მუშაობა პატივია.

- უკვე ერთი კვირაა გუნდთან ერთად ხართ. პირველ შთაბეჭდილებებზე რას იტყვით?

- პირველ ყოვლისა, მადლობა ხელმძღვანელობას შექმნილი პირობებისთვის. ჯერ კიდევ შემადგენლობის ფორმირების პროცესში ვართ. ძირითად აქცენტს ადგილობრივ მოთამაშეებზე გავაკეთებთ. თუმცა, აუცილებელი არაა ყველა თოვუზიდან იყოს. ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს მთელი აზერბაიჯანიდან მოვიწვევთ და პროგრესს მათთან ერთად მივაღწევთ. ადგილობრივებს შორისაც პერსპექტიული ბიჭები საკმაოდ არიან. მთავარი მიზანი მებრძოლის გუნდის შექმნაა.

- რა მიზნები დაგისახეს?

- ზემოთქმულის გარდა, ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება გვინდა. მომავალ სეზონში, მინიმუმ უძლიერესთა ექვსეულში უნდა მოვხდეთ. ჩვენ მხოლოდ ერთი წლის სამუშაო არ გვაქვს. მომავლის გუნდს ვქმნით. ჯერ გუნდს ჩამოვაყალიბებთ, სამუშაო პროცესს მოვაგვარებთ და მერე პრემიერლიგას დავუმიზნებთ.

- კლუბში არსებული არცთუ საუკეთესო ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, “თურანის” შეთავაზებას მაინც დათანხმდით...

- აქ ფულისთვის არ მოვსულვარ. ჩემი მიზანი და ამბიცია მაქვს. მოტივაციას მოთამაშეებისგანაც ვითხოვ. უამბიციო და ისეთი ფეხბურთელები, ვინც თავის კარიერაზე არ ფიქრობს, არ მჭირდება. თოვუზში გუნდის ჩამოყალიბებისა და კარგი შედეგის ჩვენების გარდა, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაც მსურს. თუ გაგვიმართლებს, პრემიერლიგაში სწორედ ამ გუნდით გადავალ და იქ შედეგს მივაღწევთ.

- აზერბაიჯანში დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდით. მას შემდეგ რა შეიცვალა? წინსვლა იგრძნობა?

- რა თქმა უნდა. იმ პერიოდს და ახლანდელს შორის დიდი სხვაობაა. განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის, პირობებისა და ფინანსების მხრივ. თუმცა, პირველი დივიზიონის კლუბებს არცთუ კარგად ვიცნობ. წინსვლა არის. ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში განვითარების ტემპი უფრო გაიზრდება.

- ევროთასებზე აგდამის “ყარაბაღისა” და ბაქოს “ნეფთჩის” გამოსვლას თვალს ადევნებთ?

- ორივე გუნდის თამაში ვნახე. მართალი გითხრათ, “ყარაბაღმა” სასიამოვნოდ გამაოცა. ავსტრიული “რედ ბული” ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია. თუმცა, აგდამელებს მეტოქის არ შეშინებიათ და პირველი მატჩი დამსახურებულად მოიგეს. რაც შეეხება “ნეფთჩის”, ველოდებოდი, რომ “ჩიხურას” დამაჯერებლად მოუგებდა. ამ გუნდებს შორის დიდი სხვაობაა. “ნეფთჩის” კარგი მწვრთნელი და შემადგენლობა ჰყავს. ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე ბაქოელები გავლენ.

- სხვათა შორის, რას იტყვით ბაქოში “ნეფთჩისა” და “ჩიხურას” მატჩის (0:0) დროს მომხდარ ინციდენტზე?

- ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა. საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანელებსა და ქართველებს ძმური ურთიერთობა ჰქონდათ. მომავალშიც ასე იქნება. ამ პროვოკატორებმა მათი გაფუჭება გადაწყვიტეს. არც აზერბაიჯანელები და არც ქართველები ამან არ უნდა მოატყუოს. პროვოკატორები დაისჯებიან. ქვეყნების მეთაურებიც ამ საკითხს თვალყურს ადევნებენ. მსგავსი რამ დაუშვებელია. ასეთი ხალხი თავისას ვერ მიაღწევს.

0.131716