ჭადრაკი

1:50 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბაადურ ჯობავა: “ღია ტურნირების მატებას ბევრი მომხრე ჰყავს”

საქართველოს ვაჟთა ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2716) სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფება და რიგით მე-15 ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში თამაშობს. ქართველ დიდოსტატს 3 ტურის შემდეგ 2.5 ქულა გააჩნია, ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მისი ინტერვიუ კი მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც ჯობავას 2 პარტია ჰქონდა ჩატარებული.

- ბაადურ, მოხარული ვართ, რომ ერევანში კიდევ ერთხელ გხედავთ. თქვენი ემოციების შესახებ გვითხარით. საწყის ტურებს როგორ შეაფასებდით?

- გმადლობთ. სომხეთში ჩამოსვლა, სადაც ბევრი მეგობარი მყავს, ყოველთვის მიხარია. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც – შინ. პირველ რაუნდში საკმაოდ ძლიერი მეტოქე (ფინელი ვილკა სიპილია – რედ.) მყავდა და დიდი ხანი გარკვეული არაფერი ყოფილა. მხოლოდ ბოლოსკენ, როდესაც სვლები წამებში იყო გასაკეთებელი, მან შეცდომა დაუშვა და გამარჯვება ვიზეიმე. მე-2 ტურში (მოლდოველ ვიორელ იორდაჩესკუსთან – რედ.) ასეთი მძიმე დაპირისპირება არ ყოფილა. საწყისი სვლების შემდეგ გამოჩნდა, რომ საყაიმო სიტუაცია იქმნებოდა და ასეც მოვიქეცით. მომდევნო ტურებში ვეცდები, კიდევ უფრო წარმატებულად ვითამაშო.

- ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში საკუთარ თავს მიზნად რა დაუსახეთ?

- ტურნირისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებოდი. განსაკუთრებით, დებიუტებზე ვიმუშავე, თუმცა, სხვა ეტაპებსაც ყურადღებას ვუთმობდი. შევეცდები, აქ რაც შეიძლება მეტს მივაღწიო.

- რას შეცვლიდით საჭადრაკო პოლიტიკაში, ამის საშუალება რომ გქონდეთ?

- რთული სათქმელია. ჩვენი საქმე არსებული პრობლემების წარმოჩენაა, მათი მოგვარება კი ფიდე-ს ხელმძღვანელობას ევალება. მაგალითად, ღია ტურნირების მომატებას ვისურვებდი, რადგანაც ექსტრა-კლასის პირველობები ყველასთვის მისაწვდომი არ გახლავთ. რასაკვირველია, ის ინვესტიციები და უდიდესი სამუშაოც უნდა დავაფასოთ, რომელიც კირსან ილუმჟინოვმა გასწია, თუმცა, ვფიქრობ, ჩემი წინადადება ტურნირების შესახებ, ჭადრაკის განვითარებას ასევე შეუწყობს ხელს და მას ბევრი მომხრე ეყოლება.

- როგორც ვიცი, ბოლო წლებია უკრაინაში ცხოვრობთ. ჩემპიონატზე უკრაინიდან ბევრი მოჭადრაკე თამაშობს. დაწრმუნებული ვარ, ახლაც თქვენს ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე ფიქრობთ, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან. იქ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი როგორ გესახებათ?

- დიახ, ამჟამად უკრაინულ ალჩევსკში ვცხოვრობ. საკმაოდ თანამედროვე ქალაქია, რომელსაც 60 ათასამდე მოსახლე ჰყავს. იმასაც აღვნიშნავ, რომ ერევანში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათი თბილისში გავჩერდი და ოჯახის წევრები მოვინახულე. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს – უკრაინაში მართლაც რთულ ვითარებაა. ქვეყანაში დიდი ძვრები ხდება და ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, ისაა, რომ კრიზისი ომის და სისხლისღვრის გარეშე განიმუხტოს.

- გმადლობთ, რომ ჩვენთან საუბრისთვის დრო გამონახეთ.

- თქვენც მადლობას გიხდით. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სომხეთში ყოველთვის კარგად ვთამაშობ. იმედია, მიმდინარე ტურნირი გამონაკლისი არ იქნება (იცინის).

0.115299