ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს თასზე პირველ სამ წონით კატეგორიაში: 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. ტატამზე საქართველოს ნაკრების ექვსი წევრიც გავიდა, მაგრამ საპრიზო სამეულს ვერც ერთი ვერ შეწვდა. პიტერ ზაიზენბახერის გუნდის წევრთაგან მეოთხედფინალს მხოლოდ პაატა მერებაშვილმა (60 კგ) და გიორგი მკალავიშვილმა (66 კგ) უწიეს. ორივეს სულ რაღაც ორ-ორი შეხვედრის მოგება ეყოთ, რათა რეპეშაჟის ფინალში ეჭიდავათ, მაგრამ მედლის მოპოვება მაინც ვერ შეძლეს.
მერებაშვილი ტურნირში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და საუდის არაბეთის ნაკრების წევრს, ელისა მაირაშს მოუგო. მერე ლატვიელ ანდრეის მაგერსთან დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ირანელ ეჰსან ბაჰრამიან ხაიატს აჯობა. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასასვლელად რუსი ევგენი კუდიაკოვის ძლევა სჭირდებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა.
მკალავიშვილმაც მეოთხედფინალში დაკარგა ოქრო-ვერცხლის შანსი. მისთვის დაუძლეველი ბარიერი აზერბაიჯანელი ტარიან კარიმოვი აღმოჩნდა. იქამდე ქართველმა ძიუდოისტმა ბრიტანელი ნეითონ ბარნსი ჩამოიცილა, დამამშვიდებელ ეტაპზე - უკრაინელი ანატოლი ლასკუტა. გადამწყვეტ შეხვედრაში მკალავიშვილი იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოსთან დამარცხდა.
სწორედ ფარალდომ დაასრულებინა მსოფლიოს თასზე გამოსვლა 66 კილოგრამში მოჭიდავე მეორე ქართველს, ლევან ჩუბინიძეს. ამ უკანასკნელის მსგავსად, უშანგი კუზანაშვილი (60 კგ) და ამბაკო ავალიანიც (73 კგ) მხოლოდ თითოჯერ გავიდნენ ბაქოს ტატამზე. ამასთან, ორივემ ყაზახ მოწინააღმდეგესთან წააგო. კუზანაშვილმა არისტან შამენოვთან, ავალიანმა – მახათ მაზიბაიევთან.
თენგიზ პაპოშვილი (73 კგ) რუს იგორ რიბინს კი გასცდა, მაგრამ მერვედფინალში, მოლდოველ ვიქტორ სკვორტოვთან ვეღარას გახდა და ტურნირს გამოეთიშა.
9 ოქტომბერს მედლები დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით პაატა ღვინიაშვილი, შოთა ჯავახაძე (ორივე 81 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.
ძიუდო
მსოფლიოს თასი
ბაქო
8 ოქტომბერი
60 კგ
1 ვუგარ შირინლი (აზერბაიჯანი)
2 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
3 ევგენი კუდიაკოვი (რუსეთი)
3 არისტან შამენოვი (ყაზახეთი)
5 პაატა მერებაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 ტარიან კარიმოვი (აზერბაიჯანი)
2 მეჰმეთ დურმაზი (თურქეთი)
3 ფრანჩესკო ფარალდო (იტალია)
3 იგორ სოროკა (მოლდოვა)
5 გიორგი მკალავიშვილი (საქართველო)
73 კგ
1 ვიქტორ სკვორტოვი (მოლდოვა)
2 ჰასან ვანლიოღლუ (თურქეთი)
3 მარკო მადალონი (იტალია)
3 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)
ოთარ მაღლაკელიძე







