ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები ეგვიპტეში სამოგზაუროდ ბანკიდან ნასესხები ფულით მიდიან და შემდეგ მთელი წელი წუწუნებენ - ამ ოხერ ბანკებს რა მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჰქონიათო. მაშინ, როდესაც მაღალ პროცენტებზე ეგვიპტეში წასვლის წინ ფიქრით თავი არ შეუწუხებიათ. მსგავსი ისტორიები ხშირად მსმენია და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა “მედღეხვალიობაა”. ანუ, დღეს კარგად ვიყოთ და ”ხვალემ იზრუნოს ხვალისაო” – როგორც ერთ ცნობილ ლექსშია...
მალე ახალი წელი მოვა და ბოლოხანს ჩვენში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ყველანი, მდიდრებიც თუ ღარიბებიც, ფულიანნიც თუ უფულონიც - ნემსის ყუნწში გავძვრებით და ნასესხები ფულით იქნება თუ მუთაქაში საგულდაგულოდ გადამალული სახსრებით, მაინც მოვზიდავთ ბლომად ხორაგს, გავშლით დიდ საახალწლო სუფრას და მცირე ხნით მაინც დავივიწყებთ არსებულ პრობლემებს. მაგრამ, მერე გავა დღეები და აუცილებლად შეგვახსენებს თავს ეს ჩვენი ”მედღეხვალიობა”. ამასობაში ნასესხები ფულის უკანვე დაბრუნების ჟამიც ჩამოჰკრავს.
ამ საახალწლო ოცობოდიის დროს, ერთი ნაცნობი კაცი შემხვდა, რომელსაც შვილი ჩოგბურთზე დაჰყავს და სულ იმას წუწუნებს, რომ ბავშვის ჩოგბურთზე ტარება ძალიან ძვირი უჯდება. ერთხელ ცოტა ფული ჩემგანაც კი ისესხა, მწვრთნელისთვის ორი თვის დავალიანება დამიგროვდაო. ერთი ღარიბი, ხელოსანი კაცია, რომელსაც სამუშაო სეზონურად აქვს და ზამთარი მისთვის დიდი უბედურების მომასწავებელია, რადგან ზამთარში მუშაობა არა აქვს და წელიწადის ტკბილ პერიოდში ნაშოვნი ფულის გამოზოგვით უწევს ცხოვრება.
რას ვხედავ? მოდის ეს კაცი და მოაქვს ლამის მთელი ბაზარი. ეს გოჭებიო, ინდაურებიო,.. უკან დაქირავებული კურტნის მუშა მოჰყვება და კაცი რომ შეხედავ იტყვი – შეძლებაც ამას ჰქონია და კაციც ესა ყოფილაო. მაგრამ მე ხომ ვიცი მისი პრობლემები და ამბები?... დავილაპარაკეთ ტკბილად, სალამი, მოკითხვა... მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე. ჰოდა, ვეკითხები: რა იშოვე ასეთი შეკაცო, რომ მთელი ბაზარი სახლში მოგაქვს - მეთქი. ”ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე. აბა ახალ წელს ხომ უნდა შევხედროდიო” – მიპასუხა. როცა ვუთხარი, ბავშვის ჩოგბურთის ფულს მე მესესხები დალოცვილო და ეს ახალი წელი ვითომ უგოჭოდ არ დადგებოდა - მეთქი – თავში შემოირტყა ხელი. ”უი, ამ ბაზარში სიარულის დროს, ყველაფერი დამავიწყდა და ბავშვის თურქეთში ”ზბორებზე” წასასვლელი ფულიც დამეხარჯაო”.
წავიდა შეწუხებული და დაღვრემილი სახით და მეც იმაზე არანაკლებ შეწუხებული გიყვებით ამ ამბავს და თან სიმართლე რომ გითხრათ ცოტა ვბრაზობ კიდეც. ახლა იმ ბავშვმა საერთოდ რომ აიცრუოს სპორტზე გული, შესაძლებელია მისი სახით ერთი კარგი ჩოგბურთელი დავკარგოთ და მივიღოთ ჩვეულებრივი რიგითი უიღბლო კაცი, რომელიც თავისი დღე და მოსწრება სულ ტყუილად დაკარგულ წლებზე იწუწინებს.
და განა ახალი წელი ცუდი რამეა? რას ლაპარაკობთ?! ძველ დროში, სანამ რუსები ტვინსა და აზროვნებას შეგვიცვლიდნენ, ახალი წელი მართლაც რომ ლამაზი, უბრალო და მხიარული დღესასწაული იყო. ვინ აქცევდა ყურადღებას სახლში მოტანილი ხორაგის რაოდენობას და სუფრის ჩაზნექილობას? ოჯახს რაც სახლში ჰქონდა, ყველაფერს გამოიტანდნენ მთავარ ოთახში. დასხდებოდნენ ბუხართან მთელი ოჯახი. მარტო პური და ღვინოც რომ ჰქონოდათ, ჩააწობდნენ წითელ ღვინოში ლამაზად დაბრაწულ გემრიელ პურს, დალოცავდნენ ერთმანეთს, მოეფერებოდნენ და შეიძლება რამდენიმე საახალწლო სიმღერაც კი დაეგუგუნებინათ. გარეთ კი თუ თოვლი იქნებოდა და ფანჯრებიდან თოვლის სითეთრე შემოანათებდა ლამაზად. მეტი არც არაფერი უნდოდა ადამიანს ბედნიერებისათვის.
გილოცავთ დამდეგ 2014 წელს და სიმშვიდეს, სითბოს და სიყვარულს გისურვებთ. ღვინო და პური ნურავის გამოგვილიოს ღმერთმა!