“ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ახლა უკვე მომავალ მსოფლიოს პირველობაზე ვფიქრობთ. წონის ლიდერებმა თავიდან უნდა დაამტკიცონ თავიანთი უპირატესობა. ახალი გუნდის კონტურები კი ზაფხულში, შიდა კონკურენციაში გამოიკვეთება”, – უთხრა ორიოდ თვის წინ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა. დაპირებული ტურნირი – “საქართველოს თასი”, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში დღეს დაიწყო და შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში, უკვე ჩემპიონ-პრიზიორებიც გამოვლინდნენ. თითო-ოროლა ტრავმირებულს თუ არ ჩავთვლით, ხალიჩაზე ყველა ცნობილი მოჭიდავე გავიდა და საკმაოდ საინტერესო ბრძოლებიც გაიმართა, რაც მნიშვნელოვანწილად, ახალი წესების დამსახურებაცაა. ოლიმპიური თამაშებიდან ჭიდაობის ამოღების საშიშროებით დამფრთხალი საერთაშორისო ფედერაციის მიერ ახლახან განხორციელებული ცვლილებების დეტალურად ჩამოთვლას არ დავიწყებთ. დადებითი ძვრების შესამჩნევად, ორი საოცარი წესის გაუქმებაც საკმარისია. აღარ არსებობს ფეხში შესვლისა და ტომარიდან ბურთულის ამოღების წესები. ამის გარდა, დაწესდა გარკვეული შეზღუდვები, რომლებმაც ჭიდაობა უფრო დინამიური და შესაბამისად, სანახაობრივიც გახადა. ამ დასკვნის გაკეთების საშუალება ერთი დღის პრაქტიკამ მოგვცა. მარტო ფინალურ ბლოკში იმდენი ილეთი გაკეთდა, ადრე მთელ ჩემპიონატში რომ არ გროვდებოდა.
უმსუბუქეს წონაში – 55 კილოგრამში, ყველას უმთავრესმა ფავორიტმა გიორგი ედაშერაშვილმა აჯობა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, სულ ოთხი შეხვედრა მოიგო. პირველ წრეში გივი დავიდოვი ჩამოიცილა, რომელსაც შვიდი თვის წინ, საქართველოს ჩემპიონატის ფინალში სძლია. შემდეგ რამაზ დარჩიძესა და ოთარ გოგავასაც მოუგო. ოქროს მედალი კი კოტე ხუციშვილის დამარცხებით მოიპოვა.
66 კილოგრამში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და ნაკრების ყოფილმა ლიდერმა კონსტანტინე ხაბალაშვილმა, ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, დავით ბერძნიშვილთან წაგებით. ამ უკანასკნელმა, ნახევარფინალიც გაიარა, მაგრამ ფინალში ლევან ქელეხსაშვილთან დამარცხდა. ცნობისთვის, კვარცხლბეკზე ასული ოთხეულის სამი წევრი: ბერძნიშვილი, ხაბალაშვილი და თენგიზ ჩოჩიშვილი, გორის საჭიდაო სკოლის აღზრდილები არიან, ხოლო ჩემპიონი ქელეხსაშვილი – ხაშურიდანაა.
ევროპის მოქმედ ჩემპიონ დავით მარსაგიშვილის არყოფნაში, 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილი გაჩემპიონდა. ფინალის გზაზე მან ოთხი მეტოქე დაამარცხა. ფინალში კი, გიორგი თხელიძეს სძლია.
ყველაზე დიდ ინტერესს მძიმეწონოსანთა კონკურენცია იწვევდა. საქართველოს ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა უშუალო კონკურენტებთან – გიორგი საკანდელიძესთან და დავით მოძმანაშვილთან თავისი უპირატესობა და მორიგი ოქროთი გაიხარა, ოღონდ ამჯერად, ორივესთან ჭიდაობა არ მოუწია. მოძმანაშვილს საწყის ეტაპზე საკანდელიძემ საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მოუგო. საკანდელიძეს კი პეტრიაშვილმა საკმაოდ ადვილად აჯობა - 2:1 დასრულებული პირველი პერიოდის შემდეგ, მეორეში 6 ქულა ისე აუღო, ერთიც არ დაუთმია.
ხვალ, ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში: 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 12 საათიდან დაიწყება.
თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს თასი
თბილისი
22 ივნისი
55 კგ
1 გიორგი ედიშერაშვილი (აჭარა)
2 კოტე ხუციშვილი (გორი)
3 გივი დავიდოვი (საჩხერე)
3 გიორგი ლეჟავა (სამტრედია)
66 კგ
1 ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)
2 დავით ბერძნიშვილი (გორი)
3 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)
3 თენგიზ ჩოჩიშვილი (გორი)
84 კგ
1 სანდრო ამინაშვილი (გარდაბანი)
2 გიორგი თხელიძე (გორი)
3 ნოდარ ეგაძე (გორი)
3 ოთარ უროტაძე (ქუთაისი)
120 კგ
1 გენო პეტრიაშვილი (გორი)
2 თორნიკე ხიდაშელი (გარდაბანი)
3 გიორგი ქართველიშვილი (თბილისი)
3 გიორგი საკანდელიძე (თბილისი)