ფეხბურთი

20:56 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალი სისხლი “ფურია როხაში”

 

რამდენიმე დღის წინ, იმ ფეხბურთელთა ვინაობა გაგაცანით, რომლებიც უახლოესი ორი შეხვედრისთვის ესპანეთის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში იქნებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის შემდგომ, ესპანეთის ნაკრები რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, ხოლო ზოგზე ვისენტე დელ ბოსკემ თქვა უარი. მუნდიალზე მოასპარეზე ფეხბურთელთაგან, პეპე რეინა, ხერარდ პიკე, ხავი მარტინესი (ტრავმირებულია), ხავი ერნანდესი, ხაბი ალონსო, ხუან მატა, დავიდ ვილია და ფერნანდო ტორესი არ არიან. შემადგენლობის დასახელების შემდგომ გაირკვა, რომ ტრავმის გამო ნაკრებში ანდრეს ინიესტაც ვერ ითამაშებს. გამოდის, რომ ორი თვის წინანდელი ნაკრებიდან, დღეს 9 მოთამაშეს ვეღარ ვიხილავთ ესპანეთის მაისურით.

ძველ 14 მოთამაშეს, დელ ბოსკეს გადაწყვეტილებით შემდეგი მოთამაშენი დაემატნენ: დავიდ დე ხეა, კიკო კასილია, დანი კარვახალი, მარკ ბარტრა, მიკელ სან ხოსე, ანდერ იტურასპე, ისკო, რაულ გარსია და პაკო ალკასერი.

აღნიშნული ცხრა ახალწვეულთაგან, მხოლოდ ისკოს, ბარტრას, დე ხეასა და იტურასპეს აქვთ თითო შეხვედრა ჩატარებული “ფურია როხას” რიგებში, დანარჩენები საერთოდ არ გაკარებიან ესპანეთის ნაკრებს, თუ დანი კარვახალს არ ჩავთვლით, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა.
 

მეკარე

ბევრი ვარაუდობდა, რომ ჩაგდებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, იკერ კასილასი კარიერას დაასრულებდა, მაგრამ იკერი ნაკრებში დარჩა.

ვიქტორ ვალდესი კვლავ ტრავმირებულია, ხოლო პეპე რეინა დელ ბოსკემ აღარ იხმო. ნაკრებში ორი ახალი მეკარეა – დავიდ დე ხეა, ვისაც ესპანეთში კასილასის შემცვლელად მიიჩნევენ და კიკო კასილია, “ესპანიოლის” 27 წლის კიპერი, რომელსაც თავადაც გაუკვირდა ესპანეთის ნაკრებში გამოძახება.

ადვილად მისახვედრია, რომ კასილიას შანსები მინიმალურია. ძირითადისთვის კასილასი და დავიდ დე ხეა იბრძოლებენ. მეკარის ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო გახდება, რაც ვიქტორ ვალდესი დაუბრუნდება ფეხბურთს.

დე ხეას ფაქტიურად ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობდა კასილიაც.

დაცვა


მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის დაცვა, რომელიც ასპილიკუეტა-რამოსი-პიკე(მარტინესი)-ალბათი იყო დაკომპლექტებული ძალიან შერცხვა. ჰოლანდიასა და ჩილესთან ჩატრებულ მატჩებში, წინა მსოფლიოს ჩემპიონმა 7 ბურთი გაუშვა.

უახლოესი მატჩებისთვის, ხერარდ პიკე და ხავი მარტინესი არ იქნებიან. თავის გამოჩენის მშვენიერი შანსი ექნებათ მიკელ სან ხოსესა და მარკ ბარტრას, ხოლო მარჯვნივ დანი კარვახალს.

ნაკრებში არიან ხუანფრანი და რაულ ალბიოლი. “ატლეტიკოს” მცველმა, მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ავსტრალიასთან ითამაშა და დავიდ ვილიას საგოლე გადაცემაც გაუკეთა. მის მიმართ, არანაირი პრეტენზია არ არსებობს. რაულ ალბიოლი კი, ბოლო წლებში შეუცვლელი წევრია ნაკრებში. ოღონდ, სათადარიგოთა სკამზე. რაული ესპანეთში 2007 წლიდან თამაშობს, მაგრამ რეალურად არასდროს არ ყოფილა ნაკრების ძირითადი წევრი.

მარცხენა ფლანგზე კვლავ ხორდი ალბა იდგება, ცენტრში სავარაუდოდ რამოსს, მარკ ბარტრა შეუწყვილდება, ხოლო მარჯვნივ ხუანფრანი იდგება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთს ჯერ ამხანაგური მატჩი ელის, შემდეგ კი, შესარჩევის თამაში სუსტ მაკედონიასთან, თავის გამოჩენის შანსი ყველა მოთამაშეს ექნება.

უნდა ვთქვათ, რომ სან ხოსეს, კარვახალისა და ბარტრას გარდა, ესპანეთს კიდევ რამდენიმე ძალიან კარგი მცველი ეზრდება – ინიგო მარტინესი, ნაჩო, მარტინ მონტოია, ხოსე ლუის გაია, ხუან ბერნატი, ალბერტო მორენო და ა.შ..

ნახევარდაცვა

ესპანეთის ნაკრების წარმატებული თამაში სწორედ ნახევარდაცვასთან ასოცირდებოდა. ნაკრები გამოირჩეოდა ძალიან მძლავრი ცენტრით, რომლის ორმა უცვლელმა წევრმა ხაბი ალონსომ და ხავი ერნანდესმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს. ფაქტიურად, “ფურია როხაში” ბირთვის ჩანაცვლება იწყება. ამ ორი მოთამაშის გარდა, ნაკრებში გამოძახებული არაა ხუან მატა, ხოლო ტრავმის გამო ინიესტაც არ იქნება.

ნახევარდაცვა, რომელიც წლების განმავლობაში შეუცვლელად მიიჩნეოდა ესპანეთში, აღარ არსებობს. იმ ფეხბურთელთაგან, უახლოესი მატჩისთვის მხოლოდ სერხიო ბუსკეტსია ნაკრებში.

რაც შეეხება ახალ ნახევარმცველებს, უდიდეს იმედებს ამყარებენ ისკოსა და კოკეზე. “ატლეტიკოელი” მუნდიალზეც გაემგზავრა და ურიგოდ არ უთამაშია. განვლილ სეზონზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან ყველამ კარგად იცის, თუ რა ძალას წარმოადგენს ახალგაზრდა მოთამაშე “როხიბლანკოსთვის”. ისკო კი, “რეალში” გადასვლიდან სათადარიგო მოთამაშედ იქცა და ამის გამო ბევრს კარგავს. ალარკონს რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა, უდიდესი ალბათობით მსოფლიოზე ითამაშებდა..

უდიდესი შრომისა და მონდომების ხარჯზე ბრწყინვალე შედეგები აქვს რაულ გარსიას. ფეხბურთელი, რომელიც გამოკვეთილად შემტევი არაა და ძირითადად შეცვლებზე შემოდის “ატლეტიკოს” რიგებში, საოცრაოდ შედეგიანია. გასულ სეზონში, გარსია 17 გოლი გაიტანა და 6-ჯერ საგოლე გადაცემის ავტორი გახდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია მისი ამპლუისთვის. გარსიამ ნამდვილად დაიმსახურა შანსი და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.

ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა ანდერ იტურასპესაც და თავის მოკრძალებული წვლილი მიუძვის “ბილბაოს” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებისთვის. ბასკმა ჩამშლელმა, 38 შეხვედრა ჩაატარა გასულ სეზონში და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. რის გამოც, მსოფლიოს ჩემპიონატის გაფართოებულ სიაში მოხვდა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა..

სავარაუდოდ, ესპანეთის ნაკრების ცენტრში ფაბრეგასი-კოკე-ბუსკეტსი ითამაშებენ, ხოლო ფლანგებს დავიდ სილვა და პედრო როდრიგესი გაამაგრებენ. თავის გამოჩენის შანსი, ახალწვეულებს აუცილებლად ექნებათ.

გამოძახებული ფეხბურთელების გარდა, ესპანეთში რამდენიმე საკმაოდ მაღალი დონის ნახევარმცველია, რომლებიც შესაძლოა შემდეგ შეკრებებზე ვიხილოთ “ფურია როხაში”. საუბარია – დანი პარეხოზე, მარიო სუარესზე, ასიერ ილარამენდიზე, იკერ მუნიაინზე, ოსკარ დე მარკოსსა და გაბიზე. არ უნდა დავივიწყოთ ხესუს ნავასი და ხუან მატა. ამ მოთამაშეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მომატება და ნაკრებში დაბრუნება. 

ნაკრების კიდევ ერთი იმედი, ტიაგო ალკანტარა კი, დიდი ხანია ტრავმირებულია და გარკვეული პერიოდი კვლავ გაუცდება. ფორმაში შესვლის შემთხვევაში, ტიაგო ესპანეთის რიგებში აუცილებლად დაბრუნდება.

თავდასხმა

დავიდ ვილიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა, ფერნანდო ტორესი კვლავ ცუდად გამოიყურება, ხოლო დიეგო კოშტა, მიუხედავად მუნდიალზე ცუდი თამაშისა, კვლავ ნაკრებშია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან დიეგო ნაკრებში ცოტა ხანია რაც თამაშობს და ბოლომდე არაა მორგებული პარტნიორებს. წარმოშობით ბრაზილიელმა ფორვარდმა, ძალიან კარგად დაიწყო სეზონი და პრემიერლიგის 3 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა. შესაბამისად, დიეგოს მორიგი შანსი აქვს ნაკრებში დასამკვიდრებლად.

მეორე გამოძახებული ფორვარდი, “ვალენსიას” ახალგაზრდა ტალანტი პაკო ალკასერია, რომელზეც ესპანეთში უდიდეს იმედებს ამყარებენ. გასულ სეზონში, პაკომ 14 გოლი გაიტანა და 3-ჯერ გუნდელებს გაატანინა, რაც მისი ასაკის გათვალისწინებით შესანიშნავი შედეგია. პაკომ გასულ ტურში, “მალაგას” გოლიც გაუტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, რითაც ნაკრებში გამოძახება და დაბადების დღე აღნიშნა. 30 აგვისტოს პაკოს 21 წელი შეუსრულდა. ალკასერს, ფაქტიურად ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და ჯამში 41 ჩატარებულ შეხვედრაში 29 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება სხვა ფორვარდებს, დღევანდელი სიტუაციით, უშანსოდ არიან რობერტო სოლდადო და მიჩუ. ტრავმირებულნი არიან, ალვარო ნეგრედო, როდრიგო მორენო და ალვარო მორატა, თუმცა ამ უკანასკნელს, ჯერ რამდენად აქვს ნაკრებში მოხვედრის შანსი საკითხავია. ახალგაზრდა ფორვარდმა ჯერ “იუვენტუსში” უნდა დაიმკვიდროს ადგილი, რაც ადვილი საქმე არაა. ტურინელთა მეორე ფორვარდის, ფერნანდო ლორენტეს გამოძახებაზე, თავად დელ ბოსკემ თქვა უარი, ხოლო არის ადურისი ნაკრებში ალბათ ასაკის გამო ვერ ხვდება, თორემ ბასკი დიდებულ ფორმაშია..

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ესპანეთი ამხანაგურად გაეჯიბრება საფრანგეთს სტუმრად, ხოლო 8 სექტემბერს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში მაკედონიას უმასპინძლებს.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.112305