ხვალ თბილისში ძიუდოს ახალი საერთაშორისო სეზონი იხსნება. 2-3 თებერვალს სპორტის სასახლე ევროპის ღია ტურნირს უმასპინძლებს. სწორედ ასე დაერქვა ტრადიციულ ტურნირს, რომელიც ბოლო წლებში “მსოფლიო თასის” სახელს ატარებდა.
ბოლო ინფორმაციით, ევროპის ღია ტურნირში ჩაერთვებიან: იაპონია, საფრანგეთი, რუსეთი,საბერძნეთი, უნგრეთი, უკრაინა, ბელარუსი,თურქეთი,დიდი ბრიტანეთი, ირანი,სლოვენია, ისრაელი, ბულგარეთი, კანადა, რუმინეთი, ყაზახეთი, სერბეთი, ლიტვა, ლატვია, აზერბაიჯანი დასომხეთი. წინასწარ განაცხადში შეყვანილ ძიუდოისტთაგან კი გამოვარჩევთ ბელარუს ევროპის ჩემპიონ ანდრეი კაზუსიონოკს, რომელმაც ცნობისთვის, კონტინენტის პირველობა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში სწორედ თბილისის სპორტის სასახლეში მოიგო, როდესაც ფინალში ვარლამ ლიპარტელიანს აჯობა.
ხვალ-ზეგ სავარაუდოდ ტატამზე გავლენ ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს იაპონელი ჩემპიონი ტაკეში ოჯიტანი (+100 კგ), ევროპის სომეხი ჩემპიონი არმენ ნაზარიანი (66 კგ) და პრიზიორები: ჰოვანეს დავთიანი (60 კგ) და ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკა (81 კგ). რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, შინაურ კედლებში ტრადიციულად ოთხი შემადგენლობით გამოვა. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ განაცხადი საქართველოს მოქმედი ჩემპიონ-პრიზიორებით დააკომპლექტა. გამონაკლისი მხოლოდ ორი ჩემპიონისთვის – ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანისთვის (90 კგ) დაუშვა. ისინი საერთაშორისო სეზონს ერთ კვირაში გახსნიან, პარიზის “დიდი სლემით”. თბილისში კი მათ ნაცვლად ლაშა ზურაბიანი (81 კგ) და ჯუმბერ გიგაური (90 კგ) იჭიდავებენ.
ტურნირის სახელწოდების შეცვლის მიუხედავად სარეიტინგო ქულების დარიცხვის სისტემა ისევ ძველებურია – სეზონის პირველი საერთაშორისო შეჯიბრის ჩემპიონები 100 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ, ვერცხლის პრიზიორები – 60-ს, ბრინჯაოსნები – 40-ს, რეპეშაჟის ფინალში წაგებულები – 20-ს და ასე შემდეგ.
ყველაზე დიდი ინტრიგა, რაც მომავალ ტურნირს ახლავს, ძიუდოს წესებში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი ცვლილებებია და მათი პირველი გამოცდა თბილისის სპორტის სასახლეში შედგება.
უფრო კონკრეტულად, აიკრძალა ფეხზე ხელით შეხება, ამჯერად უკვე კონტრილეთის შესრულებისასაც. დაწესდა შეზღუდვები ჩავლებებზე - როდესაც ძიუდოისტი ჩავლებას აიღებს, მას მეტოქემ ხელი მხოლოდ ცალი ხელით უნდა გააშვებინოს. თუ ძველებურად, ორი ხელით შეეცდება, მაშინვე შიდოს მიიღებს. ამასთან, შიდოების ხარჯზე მიღებული ქულები ილეთით აღებულ შეფასებას ვეღარ აჯობებს, თუნდაც ვაზარი-იუკოსთან იყოს. ტატამზე სამი მსაჯის ნაცვლად უკვე მხოლოდ ერთი იქნება, რომელსაც ვიდეოკონტროლზე გამწესებული მსაჯი დაეხმარება. გაუქმებულია ჰანტეის წესი და შეხვედრა ხუთი წუთის ფრედ დასრულების შემთხვევაში იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რომელიმე ძიუდოისტი ილეთს არ გააკეთებს ან რომელიმეს მსაჯი არ გააფრთხილებს. ამ შემთხვევაში უკვე უქულო შიდოც გადამწყვეტი იქნება.
თბილისური ევროპის ღია ტურნირის განრიგის თანახმად, 2 თებერვალს მედლები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 3 თებერვალს კი ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. წინასწარი შეხვედრები 10 საათიდან დაიწყება, ბილეთის ფასი კი სიმბოლურია – 1 ლარი.
დაბოლოს, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ძიუდოს ფედერაცის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, ირაკლი ცირეკიძის აქტიური სპორტიდან გაცილებას გეგმავს.
ევროპის ღია პირველობა. თბილისი. 2-3 თებერვალი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
60 კგ
ვაჟა მარგველაშვილი
ამირან პაპინაშვილი
პაატა მერებაშვილი
გიორგი ბროლაშვილი
66 კგ
ტრისტან ფეიქრიშვილი
მინდია ლილუაშვილი
ვანო თოთლაძე
თორნიკე თათარაშვილი
73 კგ
ნუგზარ ტატალაშვილი
არსენ მაჭარაშვილი
ზებედა რეხვიაშვილი
გიორგი პაპუნაშვილი
81 კგ
პაატა ღვინიაშვილი
ლევან წიკლაური
იოსებ ჩილინდრიშვილი
ლაშა ზურაბიანი
90 კგ
ზვიად გოგოჭური
ლაშა ტაველური
ბექა ღვინიაშვილი
ჯუმბერ გიგაური
100 კგ
გიორგი ნოზაძე
გიორგი ქავთარაძე
დავით ლორიაშვილი
ლაშა გურული
+100 კგ
ლევან მატიაშვილი
ადამ ოქრუაშვილი
გიორგი ზაქარიაძე
ონისე ბუღაძე
ოთარ მაღლაკელიძე







