საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელობამ, დიდუბის მანეჟში სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილს უმასპინძლა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერებინა. იქამდე კი, მანეჟის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ნაკრების ახალი სპორტული ეკიპირების პრეზენტაცია მოეწყო.
მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ახვლედიანმა, მინისტრს მანეჟის რეკონსტრუქციის ელექტრონული ვერსია გააცნო. სარემონტო სამუშაოები 2011 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს და წინასწარი გეგმით, 2012 წლის დასაწყისში ყველაფერი მზად იქნება.
3-4 ივნისს, ქართველი მძლეოსნები ბაქოს საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. დელეგაცია აზერბაიჯანში დღევანდელი პრეზენტაციის დასრულებისთანავე, მძლეოსნობის ფედერაციის მიერ ახლახან შეძენილი ახალი ავტობუსით გაემგზავრა. დაბოლოს, 17-20 ივნისს, საქართველოს ნაკრები ისლანდიაში, ევროპის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის შეჯიბრში ჩაერთვება.
“სარეაბილიტაციო პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მომავალ სეზონში კი, დიდუბის მანეჟმა არა მარტო საქართველოს ჩემპიონატებს, არამედ საერთაშორისო შეჯიბრებებსაც უნდა უმასპინძლოს. რაც შეეხება ნაკრებს, იმედი მაქვს, მომავალ ტურნირზე წარმატებით გამოვა”, – განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა.
ოთარ მაღლაკელიძე
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო







