საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. 3-6 ნოემბერს, ამ ქვეყნის დედაქალაქი კეიპთაუნი მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას გია გუგავას 15-კაციანი გუნდი მიიღებს. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ერთადერთი წონითი კატეგორია, რომელშიც საქართველოს ნაკრები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან გამოყოფილ ქვოტას ბოლომდე არ გამოიყენებს, 66 კილოგრამია. 16-18 ოქტომბერს, ბელგიის ქალაქ ლომელში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუგავამ ამ წონაშიც ორი შეგირდი დააყენა. ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა, ხოლო ოთარ არჩუაძე საწყის ეტაპზევე დამარცხდა და ამჯერად ტატამზე მხოლოდ შავდათუაშვილი გავა.
არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა თუ ტრავმების გამო, ახალგაზრდული ნაკრების ევროპირველობაზე ნაჭიდავებ წევრთაგან მსოფლიოს განაცხადში ვეღარ მოხვდნენ გიორგი კაცია (60 კგ), ბექა რატიანი (81 კგ), ელგუჯა ბიბილაშვილი და გიორგი ცნობილაძე (ორივე 100 კგ). გამოთავისუფლებული ადგილები ლაშა გიუნაშვილმა (60 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (81 კგ), გურამ თუშიშვილმა და დავით მერაბიშვილმა (100 კგ) შეავსეს.
შეგახსენებთ, ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. შავდათუაშვილის გარდა, კვარცხლბეკზე ლერი ჭელიძე (55 კგ), მიხეილ ჩოხელი (73 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) ავიდნენ. ჭელიძემ და მატიაშვილმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს, ხოლო ჩოხელმა - მესამე. ეს ძიუდოისტები წარმატებისთვის კეიპთაუნშიც იბრძოლებენ, ისევე, როგორც ლომელში ნაჭიდავები გიორგი მესაბლიშვილი (55 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (60 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ), შალვა ნინიძე (81 კგ), გიორგი მერმანიშვილი, გიორგი ქავთარაძე (ორივე 90 კგ) და უშანგი კოკაური (+100 კგ).
მსოფლიოს ჩემპიონატზე ტატამზე კიდევ ერთი ქართველი გავა – საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე საერთაშორისო ფედერაციამ სამხრეთ აფრიკაში მსაჯად მიიწვია. ვაჟების პარალელურად, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს გოგონებიც გამოავლენენ, მაგრამ ქართველთა გარეშე.
ტურნირის კენჭისყრა ხვალ გაიმართება. ხუთშაბათს მედლები ვაჟთა 55 და 60 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, პარასკევს - 66 და 73 კილოგრამებში, შაბათს – 81-სა და 90-ში, ხოლო კვირას - ბოლო ორ წონაში: 100-სა და +100-ში.
ოთარ მაღლაკელიძე







