ძიუდო

21:02 | 1.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდებმა სამეულები ჩამოწერეს, გუგავამ - კანდიდატები

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა საქართველოს 2011 წლის ჩემპიონ-პრიზიორები რვავე წონით კატეგორიაში გამოავლინეს. დღეს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში მედლების დარჩენილი 4 კომპლექტი გათამაშდა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქვემო ქართლის გუნდის წევრი ზურაბ ეპიტაშვილი ავიდა. ფინალში მან თბილისელ თეიმურაზ ხაჩიძეს აჯობა. 90 კილოგრამი კახური ფინალით დაგვირგვინდა - გიორგი ქავთარაძემ ილია ოტიაშვილი დაამარცხა. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი 1994 წელსაა დაბადებული (ახალგაზრდულ ასაკობრივ ჯგუფში 1992-93 წლებში დაბადებულები შედიან) და ერთი საინტერესო დეტალიც, სპორტსმენები, როგორც წესი, თავის წონაში საჭიდაოდ წონას იკლებენ ხოლმე, ოტიაშვილი კი სასწორზე შედგომისას 85 კილოგრამიც არ იყო.
100 კილოგრამშიც ერთი რეგიონის ძიუდოისტებმა იჭიდავეს ოქროს მედლისთვის. იმერულ ჭიდილში ელგუჯა ბიბილაშვილმა გიორგი ცნობილაძეს აჯობა.
არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, გადამწყვეტი როლი მძიმე წონის ფინალის შედეგმა შეასრულა. შიდაქართლელმა უშანგი კოკაურმა ქვემოქართლელი სლავიკ რეზესიძე წმინდად დაამარცხა და თავად ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო თავისი გუნდი გუნდურში გააჩემპიონა. შიდა ქართლის წარმომადგენლებმა სულ 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს ჩემპიონატი, ქვემოქართლელებმა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო ირგუნეს. მე-3 ადგილზე კახეთი გავიდა 2 ოქროთი და თითო ვერცხლ-ბრინჯაოთი. მეოთხეზე იმერეთი (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო). თბილისის გუნდის წევრთა წარუმატებლობა კი მართლა მოულოდნელობა იყო - დედაქალაქელებმა 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო იკმარეს.
ნატურნირევს “მსოფლიო სპორტისთვის” შემაჯამებელი კომენტარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ გააკეთა:
“ძირითადად ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვფიქრობდი. ნაკრების უმთავრეს კანდიდატებად მიჩნეულმა ძიუდოისტებმა თავიანთი უპირატესობა შიდა კონკურენციაში ერთხელაც დაამტკიცეს. მხოლოდ 60 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი კაციამ ვერ შეძლო ჩვეულად გამოსვლა – უმედლოდ დარჩა. ამ წონაში ყველას ვაჟა მარგველაშვილმა აჯობა. რეალურად რომ შევხედოთ, ასეც უნდა ყოფილიყო.
55 კილოგრამში მოსალოდნელი ფინალი ვიხილეთ. ჩემპიონ გიორგი მესაბლიშვილის და ვერცხლის პრიზიორ ლერი ჭელიძის ჭიდაობით კმაყოფილი ვარ და ივლისში, ჩეხეთის საერთაშორისო ტურნირზე ორივეს წავიყვან. იგივეს ვიტყვი 66 კილოგრამის ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილსა და მეორეადგილოსან ოთარ არჩუაძეზეც. შეიძლება ევროპის ჩემპიონატის განაცხადში ორივე შევიყვანო.
სამაგიეროდ, ძალიან უსიამოვნო სიტუაციაა 73 კილოგრამში. ჩეხეთის ტურნირზე საქართველოს ჩემპიონ ფრიდონ გიგანს და მიხეილ ჩოხელს წავიყვან, რომელმაც ეს პირველობა ტრავმის გამო გამოტოვა. თუ სამეულს მიღმა დარჩნენ, არ გამოვრიცხავ, ეს წონა თავისუფალი დავტოვო და მის ხარჯზე სხვა წონაში 2 სპორტსმენი წავიყვანო ევროპირველობაზე.
81-ში სამ კანდიდატს დავაკვირდები: ეპიტაშვილს, რატიანსა და შალვა ნინიძეს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე სამეულს მიღმა დარჩა. 90-ში, ევროპაზე ჭიდაობა გიორგი მერმანიშვილს აქვს განაღდებული. იგი შიდა კონკურენციის აშკარა ლიდერია და ამჯერად, დასვენების საშუალება მივეცით. 100-ში, ჩეხეთში ბიბილაშვილსა და ცნობილაძეს გამოვცდი, ხოლო მძიმე წონაში, ჩემპიონ კოკაურს ლევან მათიაშვილი შეუერთდება. მას საქართველოს ჩემპიონატი ტრავმამ გააცდენინა”.

ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
თბილისი
1 მაისი

81 კგ
1 ზურაბ ეპიტაშვილი (ქვემო ქართლი)
2 თეიმურაზ ხაჩიძე (თბილისი)
3 ბექა რატიანი (ქვემო ქართლი)
3 თენგიზ კაკრიაშვილი (ქვემო ქართლი)

90 კგ
1 გიორგი ქავთარაძე (კახეთი)
2 ილია ოტიაშვილი (კახეთი)
3 თორნიკე ოთინაშვილი (სამხრეთ ოსეთი)
3 გიორგი სეტიელი (თბილისი)

100 კგ
1 ელგუჯა ბიბილაშვილი (იმერეთი)
2 გიორგი ცნობილაძე (იმერეთი)
3 გიგა თაყაძე (შიდა ქართლი)
3 დავით მერაბიშვილი (თბილისი)

+100 კგ
1 უშანგი კოკაური (შიდა ქართლი)
2 სლავიკ რეზესიძე (ქვემო ქართლი)
3 როსტომ ხახალეიშვილი (იმერეთი)
3 ამბროსი კონკროშვილი (თბილისი)

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17652