საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებას დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადის. გია გუგავას გუნდის ვარჯიშს დღეს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ნაკრების კანდიდატთა წინასწარი საკონტროლო შეხვედრების ჩამთავრების შემდეგ კი ოფიციალური კომენტარებიც გააკეთეს. შეგახსენებთ, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 3-6 ნოემბერს სამხრეთ აფრიკაში გაიმართება.
“ძალიან კარგი თაობა მოდის. ეს ბიჭები მალე ძირითად ნაკრებში უნდა დამკვიდრდნენ და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სწორედ მათ უნდა იჭიდაონ. წლეულს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს და იმედია, მსოფლიოს პირველობაზეც წარმატებულად იჭიდავებენ”, – განაცხადა სპორტის მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ აღნიშნა, რომ ნაკრებმა მოსამზადებელი ციკლის ყველა ეტაპი გაიარა, ბიჭები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან და რეალურად შესწევთ ძალა, სამხრეთ აფრიკაში უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლონ.
ახალგაზრდული ნაკრები დუშეთურ შეკრებას 29 ოქტომბერს დაასრულებს, სამხრეთ აფრიკაში კი 31 ოქტომბერს გაემგზავრება.
ოთარ მაღლაკელიძე







