დღეს-ხვალ დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემია ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტატამზე საქართველოს ყველა რეგიონის 250 ძიუდოისტი გავა. საუკეთესოები კი ნაკრებში დასამკვიდრებლად და სეზონის უმთავრეს ტურნირებზე გასამგზავრებლად გააგრძელებენ ბრძოლას.
ახალგაზრდული ევროპირველობა 17-19 სექტემბერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება, მსოფლიოს ჩემპიონატი - 21-24 ოქტომბერს, მაროკოს მთავარ ქალაქ მაროკოში.
“დიღომში ყველა უძლიერესი ახალგაზრდა იჭიდავებს, შეუძლოდ მყოფი ლაშა ზურაბიანის გარდა. მას პირადად ვესაუბრე და დასვენების ნება დავრთე. საკმაოდ კარგ სანახაობას ველით. უკვე კენჭისყრაც გაიმართა და ბადეები თითქმის მთლიანად შეივსო. ახალი სანაკრებო სელექცია დიღომში იწყება. საქართველოს ჩემპიონები ევროპირველობის საგზურების უმთავრესი კანდიდატები გახდებიან, თუმც პირველნომრობა აქედანვე გარანტირებული მაინც არავის ექნება. მოსამზადებელ გეგმაში ჩეხეთის ევროპის თასი შევიტანეთ, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა გაიმართოს. მასზე სავარაუდოდ, საქართველოს პირველობის ფინალისტებს დავაყენებთ.
დღეს შიდა კონკურენციის ჩემპიონ-პრიზიორები 55, 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ხვალ კი მედლები დანარჩენ 4 წონაში – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. წინასწარი შეხვედრები დილის 11 საათიდან დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე




