“გამამართლებელი პასუხის მიღება ალბათ გამორიცხულია. სავარაუდოდ იმ ორი ძალოსნის მიმართაც მკაცრ სანქციებს უნდა ველოდოთ, რომლებმაც პირველი დოპინგ-ტესტის შედეგები გაასაჩივრეს და დამატებითი სინჯის ჩაბარება გადაწყვიტეს. სამწუხაროდ ძალიან მძიმე ვითარებაა” – უთხრა დღეს “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა პავლე კასრაძემ.
შეგახსენებთ, დოპინგ-სკანდალში საქართველოს ძალოსანთა ნაკრების 4 წევრი გაეხვა. მათგან ორის ვინაობა ოფიციალურად გასულ კვირაში გავრცელდა. ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს პრიზიორების რაულ ცირეკიძისა და დავით გოგიას სისხლში დოპინგის კვალი სწორედ ევროპირველობაზე აღებულმა ტესტებმა გამოაჩინა. ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სპორტსმენებს განმეორებითი გამოკვლევა აღარ მოუთხოვიათ, მათ შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა. ანალოგიურ დარღვევაში ბრალდებულმა კიდევ ორმა ქართველმა ძალოსანმა კი B სინჯი გამოსაკვლევად კიოლნის ლაბორატორიაში გაგზავნა.
“მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, რომ დამატებითი დოპინგ-ტესტი ახალგაზრდული ნაკრების წევრებს ლაშა ტალახაძესა და შოთა მიშველიძეს უტარდებათ. ეს სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე ბოლოს სექტემბრის ბოლოს გავიდნენ. ტალინში გამართულ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე ტალახაძე მძიმე წონაში ჩემპიონი გახდა. ამასთან, ვერცხლის პრიზიორს ორჭიდის ჯამში 40 კილოგრამით გაუსწრო. მიშველიძემ კი 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.